Thumbnail

PREVIEW | ფინალი მილანისთვის - სხვადასხვა მოტივაციით სან სიროზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი B ჯგუფში გაიმართება - მილანი ლივერპულს უმასპინძლებს. ეს ორი ისტორიული გუნდის დუელია, რომლებიც ერთმანეთს ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრიან და მათ შორის ერთი ეპიკურია (2005 წლის, სტამბოლის ცნობილი ფინალი).

თუმცა, დღეს გუნდები სხვადასხვა ამოცანების წინაშე არიან. უფრო სწორად, ამოცანის წინაშე მხოლოდ მილანია, რადგან ლივერპულს 15 ქულით პირველი ადგილი განაღდებული აქვს. ამდენად, იურგენ კლოპის გუნდისთვის თამაშს სატურნირო დატვირთვა საერთოდ არ აქვს და რომც წააგოს, მისთვის არაფერი შეიცვლება. აი, მილანისთვის კი უმნიშვნელოვანესი იქნება 3 ქულის მოპოვება.

ბოლო ტურის წინ ჯგუფში საინტერესო ვითარებაა და მე-2 ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის. პორტუს 5 ქულა აქვს, მილანსა და ატლეტიკოს - 4-4. პორტუგალიაში პორტუ ატლეტიკოს ხვდება და მილანის ბედი გარკვეულწილად ამ დაპირისპირებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ პორტუ მოიგებს, სერჟიო კონსეისაოს გუნდი ყველა ვარიანტში პლეი ოფში გავა, თუ ფრე დაფიქსირდება და მილანი მოიგებს, სწორედ იტალიური გრანდი გავა ჯგუფიდან, ხოლო მილანისა და ატლეტიკოს გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს ბურთების ბალანსი გადაწყვეტს.

'ენფილდზე' ამ გუნდების მატჩის ბედი ჰენდერსონმა გადაწყვიტა

ამგვარად, ბევრნაირი სცენარი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ მილანისთვის ამოცანა არცერთ ვარიანტში იცვლება - ლივერპულთან მხოლოდ მოგება აძლევს შანსს.

ზოგადად, იტალიურმა გრანდმა საწყისი სამი თამაში წააგო და ბოლო ორ ტურში მოიპოვა 4 ქულა, რითაც მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. პირველ ტურში "როსონერი" ინგლისში 2:3 დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ეს ანგარიშიდან გამომდინარე, თორემ "ენფილდზე" ლივერპული დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა.

იტალიური გუნდის მდგომარეობას ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელის ყოლა ართულებს. ანტე რებიჩი, სიმონ კიაერი, ოლივიე ჟირუ და დავიდე კალაბრია ძალიან დიდი დანაკლისია და ამ სიას დღეს რაფაელ ლეაოც შეუერთდა, რომელმაც ტრავმა მიიღო და მისი თამაში გამოირიცხა. ამდენად, სტეფანო პიოლის მწირი არჩევანი აქვს. ტრავმირებულები იურგენ კლოპის გუნდშიც არიან, მაგრამ ვინაიდან ეს თამაში ინგლისელთათვის არაფერს წყვეტს, გერმანელი მწვრთნელი შემადგენლობაში როტაციას ისედაც გეგმავს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს იქნება მე-4 შეხვედრა მილანსა და ლივერპულს შორის ჩემპიონთა ლიგაზე. წინა სამში ორივე გუნდმა თითოჯერ მოიგო, 2005 წლის ფინალში კი ფრე დაფიქსირდა და პენალტების სერიაში გამარჯვება ლივერპულმა მოიპოვა.

⚽ მილანი-ლივერპულის წინა სამ თამაშში 14 გოლი გავიდა და ორივე გუნდმა 7-7 გოლი გაიტანა. "წითლებმა" სექტემბერში "ენფილდზე" ანგარიშით 3:2 მოიგეს.

⚽ მილანს ინგლისურ გუნდთან 2012 წლის თებერვლის შემდეგ, როცა არსენალს 4:0 აჯობა, არ მოუგია. "როსონერის" ინგლისურ მეტოქეებთან ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (1 ფრე, 5 წაგება).

⚽ ინგლისურმა გუნდებმა მილანთან ევროთასებზე ბოლო 6 საგარეო მატჩიდან 5 მოიგეს (1 წაგება). მხოლოდ არსენალმა წააგო ამ პერიოდში სტუმრად მილანთან. ეს ექვსივე თამაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მერვედფინალში გაიმართა.

⚽ მილანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 9 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (5 ფრე, 3 წაგება). ეს ერთადერთი გამარჯვებაა 2013 წლის სექტემბერში სელტიკთან (2:0). ბოლო ოთხი საშინაო შეხვედრა კი არ მოუგია.

⚽ ლივერპულმა მიმდინარე სეზონში ჯგუფში ხუთივე თამაში მოიგო და შანსი აქვს, პირველი ინგლისური გახდეს, რომელიც ჯგუფურ ეტაპს 100%-იანი შედეგით დაასრულებს.

⚽ ოლივიე ჟირუს ლივერპულის წინააღმდეგ კარიერაში 8 გოლი აქვს გატანილი და ფრანგს უფრო მეტჯერ მხოლოდ ასტონ ვილასა (10) და ნიუკასლის (9) კარი დაულაშქრავს. თუმცა, ახლა ჟირუ მოედანზე ვერ გავა - ტრავმირებულია.

⚽ ზლატან იბრაჰიმოვიჩი თუ გაიტანს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორი გახდება და ფრანჩესკო ტოტის მიერ 2014 წელს დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებს.

⚽ მოჰამედ სალაჰმა ჯგუფური ეტაპის წინა ხუთ მატჩში 6 გოლი გაიტანა, ატლეტიკოსთან (2:0) შეხვედრა იყო ერთადერთი, როცა ეგვიპტელმა მოედანი უგოლოდ დატოვა. სალაჰს ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთ სეზონში (2017/18) აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი - 10.

⚽ 2018/19 წლების სეზონიდან, როცა ალისონი ლივერპულს შეუერთდა, ჩემპიონთა ლიგაზე ბრაზილიელმა კარი მშრალად 14-ჯერ შეინახა და ამ პერიოდში უკეთესი შედეგი მხოლოდ მანუელ ნოიერს აქვს (16).

⚽ მილანის ბოლო ხუთ მატჩში ორჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 2-ჯერ გაიტანა ორივე გუნდმა.

⚽ ლივერპულის ბოლო ხუთ მატჩში 3-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ორივე გუნდმა ერთხელ გაიტანა.

⚽ ამ გუნდების წინა სამივე დაპირისპირებაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და სამივეჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-2-3-1): მენიო - ფლორენცი, ტომორი, რომანიოლი, ტეო ერნანდესი - ბენასერი, კესი - მესიასი, ბრაიმ დიასი, კრუნიჩი - იბრაჰიმოვიჩი
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: რებიჩი, კიაერი, ჟირუ, პელეგრი, კალაბრია, კასტილიეხო, ლეაო

ლივერპული (4-3-3): ალისონი - უილიამსი, გომესი, კონატე, ციმიკასი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, მორტონი, კეიტა - სალაჰი, მინამინო, ორიგი
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: ფირმინო, ელიოტი, ჯონსი, მილნერი

კომენტარები

ბოლო ამბები