Thumbnail

ფიბა-მ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ მომავალი ევრობასკეტი თბილისური მატჩით გაიხსნება. 1 სექტემბერს ჩვენი დროით 15:30 საათიდან ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და ბულგარეთი დაუპირისპირდებიან.

ტურნირის სასტარტო დღეს ევროპის ჩემპიონატში A და B ჯგუფების წევრები (თბილისსა და კიოლნში) ჩაებმებიან, C და D ჯგუფის (მილანსა და პრაღაში) თამაშები კი სტარტს 2 სექტემბერს აიღებს. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო ჯგუფური ეტაპის მატჩებს დღის ბოლოს ჩაატარებს.

ილიას ზუროსის შეგირდები ყველა შეხვედრას თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყებენ: 1 სექტემბერს – ბელგიასთან, 3-ში – ესპანეთთან, 4-ში – თურქეთთან, 6-ში – ბულგარეთთან, ხოლო 7-ში – რუსეთთან. ისიც ვთქვათ, რომ თბილისში ყოველდღიური განრიგი იდენტურია: მატჩები სტარტს 15:30, 18:15 და 21:00 საათზე აიღებს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტების ვინაობასაც.

A ჯგუფი: საქართველო, რუსეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ბელგია, თურქეთი.
B ჯგუფი: გერმანია, უნგრეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი.
C ჯგუფი: საბერძნეთი, ესტონეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ხორვატია.
D ჯგუფი: ნიდერლანდები, ფინეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ისრაელი, სერბეთი.

გაისად დაგეგმილი ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

იმედია, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ეს შედეგი გაუმჯობესდება, თუმცა, მანამდე ის პრობლემაა მოსაგვარებელი, რომელიც თბილისში ევრობასკეტის მშენებარე დარბაზთანაა დაკავშირებული. ფიბა-ს ხელმძღვანელობის ბოლო ვიზიტის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მშენებელობის ტემპი აშკარად დასაჩქარებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები