Thumbnail

მესის ბარსელონაში სასტუმროს უნგრევენ - ლეოს ის €30 მლნ დაუჯდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარი სენ-ჟერმენის 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს ცუდი ამბავი აცნობს
  • სასტუმრო, რომელიც კამპ ნოუს სიახლოვესაა, სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

პარი სენ-ჟერმენის სუპერვარსკვლავს ლიონელ მესის, რომელმაც ახლახან კარიერაში მეშვიდე "ოქროს ბურთი" მიიღო, ცუდი ამბავიც შეატყობინეს. ბარსელონის ხელისუფლებამ ქალაქში არსებული სასტუმროს დანგრევის ბრძანება მიიღო, რომელიც 34 წლის არგენტინელს ეკუთვნის. 77-ნომრიანი შენობის დანგრევის მიზეზი საქალაქო სტანდარტებთან მისი შეუსაბამობაა. 

77-ნომრიანი სასტუმრო მესიმ წლების წინ შეიძინა

სასტუმრო "კამპ ნოუს" სიახლოვეს მდებარეობს, სადაც მესი ბარსელონას მაისურით წლების განმავლობაში გამოდიოდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. სხვათა შორის, ლეო სასტუმროებს ასევე ფლობს იბიცასა და მაიორკაზე, რომლებიც გაერთიანებულია Majestic Hotel Group-ში. 2017 წელს, ბარსელონაში ობიექტის შეძენა კი მესის 30 მილიონი ევრო დაუჯდა.

როგორც ირკვევა, სასტუმროს შეძენის მომენტში არგენტინელ სუპერვარსკვლავს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის ხელისუფლებას უკვე ჰქონდა შენობის დემონტაჟის განზრახვა, მისი სამშენებლო ნორმებთან შეუსაბამოობის გამო. ნაგებობის აივნები მეტისმეტად დიდია, კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში კი არსებობს საფრთხე, რომ შენობა სულაც ჩამოინგრეს. სტანდარტებს არც სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოების გეგმა აკმაყოფილებს. 

ლეო მესი კატალონიურ კლუბს გასულ ზაფხულს დაემშვიდობა

ლიონელ მესი ბარსელონას მთავარ გუნდში 2003-2021 წლებში გამოდიოდა და მისი მაისურით 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 7-ჯერ ესპანეთის თასისა და 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასის, ასევე 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. არგენტინელი 2021/22 წლების სეზონიდან პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები