Thumbnail

რამდენი დარჩა ლილარდის ტრეიდამდე - პორტლენდის საქმეები ცუდადაა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • პორტლენდის საქმეები არეულია
  • გუნდი მწვრთნელს ვერ ეწყობა, მენეჯერი კი უკვე გაუშვეს
  • ლიგაში ელოდებიან,  როდის მოითხოვს ლილარდი გაცვლას

პორტლენდი ამ სეზონს ბევრი პრობლემებით შეხვდა. გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა დემიენ ლილარდმა ზაფხულში განაცხადა, რომ გუნდი არასაკმარისად ძლიერია ჩემპიონობისთვის ბრძოლისთვის. ეს განაცხადი სიგნალი იყო და ლიგაში სეზონის დაწყებამდე გაჩნდა მოლოდინი, რომ თუკი პორტლენდის საქმეები ცუდად წავიდოდა, ლილარდი გაცვლას მოითხოვდა.

თავისი მთავარი ვარსკვლავის ამ განცხადებას პორტლენდმა ახალი მთავარი მწვრთნელით, ჩონსი ბილაპსით უპასუხა, შემადგენლობის გაძლიერება კი ვერაფრით შეძლო. ორგანიზაციას საკმარისი ფული არ აქვს და გუნდის გაძლიერების ერთადერთ რეალისტურ სცენარად სი ჯეი მაკკალუმის გაცვლა მიიჩნევა, რომელსაც იმდენად დიდი ხელფასი აქვს, რომ მისი კარგი გაცვლაც რთული ამოცანაა.

"ტრეილბლეიზერსის" ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ პორტლენდი, რომელიც წინა წლებში ლიგაში დაცვითი პარამეტრებით ბოლო პოზიციებზე იყო, ბილაპსთან ერთად უკეთეს დაცვას ითამაშებდა.

სეზონის თითქმის მესამედი გავიდა და შედეგი არც ახალ მწვრთნელთან ერთად ჩანს. პორტლენდი ცხრილის შუაშია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბილაპსი, როგორც ჩანს, გუნდი ვერ ეწყობა.

ლილარდი-მაკკალუმი-პაუელის სამეული ბილაპსის დაცვისთვის არცთუ გამოსადეგია და მან უკვე რამდენჯერმე დაიწუწუნა, რომ მისი გუნდი ყველა მეტოქეს ჩამოუვარდება გაბარიტებსა და სიმაღლეში. შეტევაში კი პორტლენდი, რომელიც წლების მანძილზე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, მკვეთრად გაუარესდა. წინა მწვრთნელი, ტერი სტოტსი მოთამაშეებს შეტევაში თავისუფლებას აძლევდა, ბილაპსი უფრო გუნდური და დისციპლინირებული შეტევის მომხრეა. როგორც ამერიკულ პრესაში წერენ, მოთამაშეებს ეს არ მოსწონთ და გუნდში ცუდი სიტუაციაა. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, მას შემდეგ, რაც ჩონსიმ გუნდის არასაკმარის მონდომებაზე ისაუბრა.

ჩონსი ბილაპსი: "ის, რაც ამ გუნდში მაწუხებს, არის თავმოყვარეობის ნაკლებობა. არ შეიძლება ასე წაგება".

მსგავსი განაცხადი გუნდის შიგნით განხეთქილებაზე მეტყველებს, ანუ იმაზე, რომ მოთამაშეებს თამაშის ხალისი არ აქვთ. 

რამდენიმე დღის წინ პორტლენდიდან გუნდის მთავარი მენეჯერი დენი უოლში გაუშვეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ლილარდის ტრეიდი ახლო მომავლის ამბავია. რთული დასაჯერებელია, რომ წელს პორტლენდი რაიმე ღირებულისთვის იბრძოლებს. მისი შესაძლო წასვლა კი ლიგაში ძალთა ბალანსს საგრძნობლად შეცვლის.

წესით, უახლოეს მომავალში ახალ სატრანსფერო საგას უნდა ველოდეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები