Thumbnail
  • ლივერპულის თავკაცი აფრიკის თასის უდიერად მოხსენიებისთვის გააკრიტიკეს
  • კლოპს პასუხი სენეგალის ნაკრების მწვრთნელმა გასცა და მას ამპარტავანი უწოდა

სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალიუ სისემ ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გააკრიტიკა. ამის მიზეზი კი გერმანელი მწვრთნელის ის განცხადება გახდა, სადაც მან აფრიკის ეროვნებათა თასს "პატარა ტურნირი" უწოდა.

კლოპი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ იანვარში აფრიკის თასზე სათამაშოდ ლივერპული რამდენიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს. მას პასუხი სენეგალის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ახლა კი უკვე დამრიგებელმა გასცა:

"თავი ვინ ჰგონია? მე სენეგალის ნაკრების მწვრთნელი ვარ და ჩემი ფეხბურთელი ლივერპულში კლოპთან მუშაობს. პატივს ვცემ ამ კლუბს, მაგრამ არა კლოპს, რომელიც აფრიკული ფეხბურთის პრესტიჟს ძირს უთხრის. ის იქ, სადაც ახლა არის, აფრიკელი ფეხბურთელების წყალობითაა. მან ყველა ფინალი წააგო მანამ, სანამ სალაჰი, მანე და მატიპი არ დაეხმარნენ და მოაგებინეს მისი პირველი მნიშვნელოვანი ევროპული ფინალი. აფრიკის თასი იგივე ხარისხისაა, რაც - ევროპის ჩემპიონატი. მიხარია, რომ მანე ისევ თავმდაბალია, მიუხედავად იმისა, რომ ქედმაღალ კაცთან მუშაობს“, - ციტირებს სისეს სიტყვებს დეილი მეილი.

შეგახსენებთ, რომ ლივერპული პრემიერლიგაში 15 ტურის შემდეგ 34 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ მანჩესტერ სიტის ქულით ჩამორჩება. მერსისაიდელთა რიგებში მიმდინარე სეზონში 4 აფრიკელი ფეხბურთელია - ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი, სენეგალელი სადიო მანე, კამერუნელი ჟოელ მატიპი და გვინეელი ნაბი კეიტა. აფრიკის ეროვნებათ თასი 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე კამერუნში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები