Thumbnail

'მოსალოდნელზე უკეთ ვითამაშეთ' - რანგნიკის წარმატებული დებიუტი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მანჩესტერი 1:0 კრისტალ პალასი | გოლი: 1:0 ფრედი (77)
  • რალფ რანგნიკმა ინგლისურ გრანდში მუშაობა მოგებით დაიწყო

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკს წარმატებული დებიუტი გამოუვიდა: მისმა გუნდმა პრემიერლიგის მე-15 ტურში კრისტალ პალასი 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფრედმა გადაწყვიტა, რომელმაც 77-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური დარტყმით გაიტანა და იუნაიტედს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. რანგნიკი თამაშით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა.

"კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით პირველ ნახევარ საათში, მეტოქეზე დიდ ზეწოლას ვახდენდით. ერთადერთი რაც ამ პერიოდში დაგვაკლდა, გოლი იყო. თავსაც კარგად ვიცავდით და მთელ თამაშს ვაკონტროლებდით. აქამდე მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ, მოსალოდნელზე ბევრად უკეთ ვითამაშეთ. ვცდილობდით ინიციატივა შეგვენარჩუნებინა და თავი ჩვენი კარისგან რაც შეიძლება შორს დაგვეცვა, თუ არ ჩავთვლით ბოლო 5 წუთს. მინდა აღვნიშნო კრიშტიანოს მუშაობა ბურთის გარეშე! გამარჯვების შემდეგ უფრო ადვილია სიტუაციის მართვა. უშეცდომოდ უნდა გავაგრძელოთ და უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმნათ".

მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე გოლი აპრილის შემდეგ პირველად არ გაუშვა

აღსანიშნავია, რომ რალფ რანგნიკი პირველი გერმანელი მწვრთნელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში სადებიუტო თამაში მოიგო. მანამდე ეს იურგენ კლოპმა, იან ზივერტმა, ფელიქს მაგათმა, თომას ტუხელმა და დანიელ ფარკემ ვერ გააკეთეს.

მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერლიგაში 15 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-6 ადგილზეა. საინტერესოა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" აპრილის შემდეგ პირველად მოახერხეს ოლდ ტრაფორდზე საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

კომენტარები

ბოლო ამბები