Thumbnail

3 დეკემბერს პარიზის გარეუბან მარკუსიში რაგბი ევროპის (ყოფილი ფირა) რიგით 103-ე ყოველწლიური სხდომა (გენერალური ასამბლეა) გაიმართა. მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ოფიციალურად ჯერ არაფერი თქმულა, მაგრამ პოლონეთის რაგბის კავშირი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორგანიზაციამ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - რაგბი ევროპის 2022 წლის ტურნირის შემდეგ არავინ გავარდება, ხოლო რანგით მეორე ტურნირიდან (რაგბი ევროპის ტროფეი) პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტაში ავლენ.

ტროფეის ამჟამად პოლონეთი, გერმანია, უკრაინა, ლიეტუვა, შვეიცარია და ბელგია თამაშობენ. 3-დან 3 მოგებული მატჩით პოლონელები 2021/22 წლების სეზონის ლიდერები არიან. ამავე სხდომაზე კოსოვო ორგანიზაციის ახალ წევრად მიიღეს (რაც კოსოვოს რაგბის ფედერაციამ უკვე დაადასტურა). 

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (ყოფილი ერთა თასი) საქართველოს, რუმინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, რუსეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები მონაწილეობენ. ამ ტურნირს 1936-1938 წლებში ფირას ტურნირი ერქვა, 1952-1954 წლებში ევროპის თასი, 1965-1973 წლებში ფირას ერთა თასი, 1973-1997 წლებში ფირას ტროფეი, 1996-1999 წლებში ფირას ტურნირი, ხოლო 2000-2016 წლებში ევროპის ერთა თასი. საქართველოს ნაკრებმა ბოლო 4 ტურნირი მოიგო, ასევე ბოლო 14 ტურნირიდან 12. სულ "ბორჯღალოსნებს" ეს ტურნირი 13-ჯერ აქვთ მოგებული. 

ამ რეფორმის შემდეგ საქართველოს ნაკრებს წელიწადში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 5 მატჩის ნაცვლად 7-ის გამართვა მოუწევს, თუ რა თქმა უნდა, გათამაშების ფორმატიც არ შეიცვლება. 

კომენტარები

ბოლო ამბები