Thumbnail
  • გრანდ რაპიდსი 127:131 ვისკონსინი | გიორგი ბეჟანიშვილი: 15 ქულა, 16 მოხსნა, 8 პასი
  • სანდრო მამუკელაშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია

23 წლის ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილმა, რომელსაც ავსტრიული პასპორტი აქვს, NBA-ს განვითარების ლიგაში (G League) ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა გრანდ რაპიდს გოლდმა ვისკონსინ ჰერდთან 127:131 წააგო, ბეჟანიშვილს კი სამმაგი დუბლის შესრულებამდე მხოლოდ 2 პასი დააკლდა.

გიორგიმ ცენტრის პოზიციაზე 37 წუთი ითამაშა და 15 ქულა, 16 მოხსნა (8 შეტევაში) და 8 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

გიორგი ბეჟანიშვილი ვისკონსინელებთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო

გრანდ რაპიდსის რიგებში ყველაზე შედეგიანები NBA-ში გამობრძმედილი მოთამაშეები ნიკ სტაუსკასი და ლენს სტივენსონი იყვნენ, შესაბამისად, 33 და 28 ქულით. ვთქვათ ისიც, რომ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც მილუოკი ბაქსი G League-ში ხშირად ანათხოვრებს ხოლმე, თუმცა, ამჯერად, ვისკონსინელთა განაცხადში არ ყოფილა.

ჰერდმა ერთადერთი წაგების წილ მე-7 გამარჯვება იზეიმა და განვითარების ლიგის ცენტრალურ დივიზიონში პირველ ადგილზე იმყოფება, გრანდ რაპიდს გოლდი კი 4-4 მოგება-წაგებით მე-5 ადგილზეა. მამუკელაშვილისა და ბეჟანიშვილის გუნდები ხვალ დილით ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები