Thumbnail

'შავი ლომი სწორედ ამისთვის შეიქმნა' - შემადგენლობა რუსებთან მატჩისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 4 დეკემბერი | ⌚ 16:00 | 🏉 შავი ლომი V ლოკომოტივ პენზა | 📺 რაგბი TV
  • ლევან მაისაშვილის კომენტარი სუპერთასის მოახლოებული მატჩის წინ

შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა 4 დეკემბერს ავჭალის სარაგბო სტადიონზე რუსულ ლოკომოტივ პენზასთან გასამართი თამაშისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. რაგბი ევროპის სუპერთასის მეხუთე ტურის მატჩი 16:00 საათზე იწყება და მას კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით, გულშემატკივართა მესამედი დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ შავი ლომი ლოკომოტივს პენზაში 23 ოქტომბერს ეთამაშა და ბონუსით – 27:11 დაამარცხა. მაშინ სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ და ახლა ძირითადში არიან ნიკოლოზ ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, გიორგი პერტაია, ლაშა ჯაიანი, იოსებ გუშარაშვილი, ლაშა ლომიძე და სანდრო თოდუა. ამასთან, ხატიაშვილი, ჯაიანი, გუშარაშვილი და ასევე – ნიკა აბულაძე, სანდრო სვანიძე და გურამ ქანდაურაშვილი ქართული ფრენჩაიზის მაისურით პირველ შეხვედრას ჩაატარებენ.

“ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე დაგვიბრუნდა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ დროს რუტინას ბევრი ვერ უძლებს. ასევე ბევრი რამაა დამოკიდებული მოედანზე გასვლისთვის დროის სწორად შერჩევაზე. ლაშა ჯაიანმა ტრავმის შემდეგ ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნიკა ხატიაშვილი სანაკრებო შეკრებაზე ჩვენთან ერთად იყო, თუმცა მაშინ მისი თამაში ვერ გავრისკეთ. ახლა ორივენი მოედანზე იქნებიან. ასევე დიდი დრო გაუცდა იოსებ გუშარაშვილს, რომელიც იმედისმომცემი მოთამაშეა და საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება.

შეცვლაზე გვეყოლება ნიკა აბულაძე, რომელიც ასევე დაშავებული გახლდათ და ორი დებიუტანტი: სანდრო სვანიძემ შეკრებაზე ძალიან ბევრი იშრომა, თუმცა პატარ-პატარა ტრავმების გამო, აქამდე თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა. ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი ქონდა გურამ ქანდაურაშვილს, ახლახანს კარგი თამაშები ჩაატარა დიდ 10-ში, პროგრესირებს და 23-კაციან შემადგენლობაში ადგილი დაიმსახურა“, - განუცხადა შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდს.

ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა გადაახალისა
📷 | შავი ლომი

მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ამ კვირაში ისვენებენ და მცირე ტრავმებს იშუშებენ ის მორაგბეები, რომლებმაც ბორჯღალოსნების კვართით ითამაშეს.

“გვაქვს მსუბუქი ტრავმები და მოთამაშეთა სრული რეაბილიტაციიდან გამომდინარე, მათი დასვენება გადავწყვიტეთ. კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ნაკრებში ორივე შეხვედრა მოტეხილი თითით ჩაატარა და ახლაც ითამაშებდა მწვრთნელებს მისი დასვენების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო. ასევე ისვენებენ აკა ტაბუცაძე და შალვა მამუკაშვილი. სამწუხაროდ, ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო გიორგი ბეგაძემ. ესეც რომ არა, შემადგენლობაში როტაცია მაინც იქნებოდა. მიმაჩნია, რომ მომავალ შეხვედრას კარგი შემადგენლობით, კარგად მომზადებული ვხვდებით“, - ამბობს მაისაშვილი.    

მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მოედანზე გამოცდილი მორაგბეები საკმარისად იქნებიან და დებიუტანტებიც წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას:

“გუნდს ლაშა ხმალაძე უკაპიტნებს, ასევე მოედანზე იქნება სანდრო თოდუა და გამოცდილების მხრივ პრობლემა არ გვექნება. გარდა ამისა, შავი ლომი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ამ მორაგბეებმა სადღაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების შანსი მიიღონ. ამ მხრივ ხვალ მოედანზე ძალიან ბევრი მოშიებული მოთამაშე გვეყოლება“.

შემადგენლობა პენზას წინააღმდეგ: cutt.ly/uYo2qhz 💪 შავი ლომი vs ლოკომოტივი (პენზა) | 4/12, 16:00 ბილეთები შეიძნე აქ 🎟...

Posted by შავი ლომი . Black Lion on Friday, December 3, 2021

რაგბი ევროპის სუპერ თასი | აღმოსავლეთ კონფერენცია

შავი ლომი (საქართველო) – ლოკომოტივ-პენზა (რუსეთი)

შავი ლომი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე; 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები