Thumbnail
  • დინამო ბათუმი 2:2 დილა
  • გოლები: 1:0 ტეიდი (23), 1:1 ვანდერსონი (56. პენ), 2:1 ჩაბრაძე (67), 2:2 კაპანაძე (72)
  • დინამო ბათუმმა საქართველოს ჩემპიონობისთვის განკუთვნილი ფარი ჩაიბარა
  • ბათუმში, სადაც განსაკუთრებული საფეხბურთო გარემოა, პირველი ჩემპიონობა იზეიმეს
  • დინამო ბათუმმა და დილამ 2021 წლის სეზონი ოფიციალურად დაასრულეს

2021 წლის 3 დეკემბერი - ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

🎯🌟 ღირსეული ჩემპიონები - ისტორიული კადრები ბათუმში. FC Dinamo Batumi | #FCDB

Posted by popsport on Friday, December 3, 2021

გორის დილასთან მატჩს სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, თუმცა გეგუჩაძემ მის ხელთ არსებული უძლიერესი შემადგენლობა გაამწესა ძირითადში, რაც ბუნებრივია, რადგან სეზონის გამარჯვებით დახურვა და საჩემპიონო ზეიმის კიდევ უფრო გალამაზება იყო საჭირო.

ბათუმელებმა თამაში ძალიან აქტიურად დაიწყეს და საწყის ხუთ ორი ხელსაყრელი მომენტი შექმნეს, მაგრამ გორელები გოლს გადაურჩნენ. 23-ე წუთზე კი ანგარიში გაიხსნა. სტუმართა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა საჯარიმოს მისადგომებთან არაზუსტი პასი გააკეთა, რომელიც ბენჟამენ ტეიდმა ჩაჭრა და ნიგერიელმა ნახევარმცველმა თავადვე ზუსტი დარტყმით დაასრულა - 1:0.

სეზონის ბოლო თამაშში გოლი ბენჟამინ ტეიდმა გაიტანა

პირველ ტაიმში კიდევ იყო საგოლე მომენტები, მაგრამ გუგეშაშვილი ამჯერად უშეცდომოდ თამაშობდა და კარის მშრალად შენახვა შეძლო, ხოლო დილას ერთადერთი სახიფათო დარტყმა ნიკა გაგნიძის ანგარიშზეა, თუმცა, ლაზარე კუპატაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამგვარად, ტაიმი ბათუმელებმა 1:0 მოიგეს.

შესვენების შემდეგ გორის დილამ ანგარიში გაათანაბრა, რაც მასპინძელთა დაცვის ხაზის უყურადღებობით იყო გამოწვეული. 56-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა საჯარიმოში პაატა ღუდუშაური წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ვანდერსონ სილვამ ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. ტაბლოზე თანაფარდობა დიდხანს არ შენარჩუნებულა, რადგან 67-ე წუთზე ბათუმელები ისევ დაწინაურდნენ. მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე შეტევაში ჩაერთო, თანაც მარცხენა ფლანგიდან და შესანიშნავი კონტრშეტევა არანაკლები გოლით დაასრულა - საქართველოს ნაკრების მცველი ამოს ნონდის გაცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა.

გრიგოლ ჩაბრაძემ გორის დილას ეფექტური გოლი გაუტანა

მიუხედავად ამისა, გორის დილამ ძალიან სწარაფად კიდევ ერთხელ გაათანაბრა. 72-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ვანდერსონის ჩაწოდებას საჯარიმოში თორნიკე კაპაანაძე გამოეხმაურა და თავური დარტყმით გაიტანა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარც ჰქონდა.

დინამო ბათუმმა სეზონი 75 ქულით დაასრულა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, გორის დილა კი 61 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა და კონფერენსლიგაზე იასპარეზებს.

დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბისა და კლუბის ყველა წევრმა ეროვნული ლიგის ოქროს მედლები ჩაიბარეს, საჩემპიონო ფარი კი კაპიტანმა, მამუკა კობახიძემ აღმართა. აღსანიშნავია, რომ გია გეგუჩაძემ კუთვნილი მედალი "პირატებს" გადასცა.

ბათუმში, ფანტასტიკურ გარემოში ზეიმი დაიწყო!

დინამო ბათუმი 2:2 დილა

გოლები: 1:0 ტეიდი (23), 1:1 ვანდერსონი (56. პენ), 2:1 ჩაბრაძე (67), 2:2 კაპანაძე (72)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი (90. გროცურეკი) - ტეიდი (90. მანჯგალაძე), ალთუნაშვილი - მამუჩაშვილი, ჯიღაური (64. გაფრინდაშვილი), ჯოვინო (46. ზარია) - ფანცულაია (73. ზურაბიანი)

დილა (4-3-3): გუგეშაშვილი - ჩიტეიშვილი, ჭიჭინაძე, მაისაშვილი (46. მადინგა), ვანდერსონი - ნონდი, მოსიაშვილი, გაგნიძე - ღუდუშაური (90. ნემსაძე), კაპანაძე, კამარა (77. ბუღრიძე)

მთავარი ფაქტები ჩემპიონებზე

⚽ დინამო ბათუმმა ამ სეზონში 21 თამაში მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3-ში დამარცხდა.

⚽ გია გეგუჩაძის გუნდმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (73 გოლი).

⚽ დინამო ბათუმი ამ სეზონში საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა (12 მოგება, 6 ფრე, 0 წაგება).

⚽ გეგუჩაძის გუნდმა 36 ჩატარებული შეხვედრიდან 17-ში კარი მშრალად შეინახა.

⚽ ჩემპიონებმა 73 გოლიდან მხოლოდ 7 გაიტანეს პენალტით.

⚽ ყველაზე მეტი გოლი გიორგი ფანცულაიასა და ჯაბა ჯიღაურის ანგარიშზეა - 13. მესამეზე კი ვლადიმერ მამუჩაშვილია (9).

⚽ ყველაზე მეტი საგოლე პასი ჩემპიონი გუნდიდან მამუჩაშვილს, ჯიღაურს და ფანცულაიას აქვთ (6-6-6). აზაროვის აქტივში 5 ასისტია, ალთუნაშვილს კი 4 საგოლე პასი აქვს.

⚽ დინამო ბათუმი გახდა მე-10 გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონობა მოიპოვა.

⚽ გია გეგუჩაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული სამ გუნდს მოაგებინა - ზესტაფონი, დინამო თბილისი, დინამო ბათუმი.

კომენტარები

ბოლო ამბები