Thumbnail

GSPN-ის კორესპონდენტმა ტაი ვინდიშმა NBA-ის ჩემპიონ მილუოკი ბაქსის ქართველ ახალწვეულ სანდრო მამუკელაშვილთან პოდკასტი ჩაწერა. ეს ვისკონსინ ჰერდის მატჩის შემდეგ მოხდა, როცა სანდრომ G ლიგაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა (28 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 3 ბლოკი, 1 ჩაჭრა), ვინდი სიტი ბულსთან ლამის პირადად შეატრიალა თამაშის ბედი და ჰერდს მოაგებინა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბაქსში ჯერ ცოტას თამაშობს, მამუკელაშვილზე დიდ იმედებს ამყარებენ

"მას მერე, რაც დრაფტის 54-ე ნომრად აირჩიეს, მამუმ ითამაშა NBA-შიც და G ლიგაშიც. თუ ბაქსში ჯერაც არასტაბილურია და ცოტა დრო ეძლევა, რაც არ არის მე-2 წრეში არჩეული ახალბედისგან გასაკვირი, სარეზერვო ლიგაში ის საუცხოოდ თამაშობს. თუნდაც ვისკონსინის "ქამბექი" გავიხსენოთ, რომელშიც მამუმ 28 ქულა ჩააგდო. 

GSPN: ნათქვამი გაქვთ, რომ სტატისტიკა არ არის მნიშვნელოვანი, გამარჯვება - კი. მაგრამ ბოლო მატჩში ორივე გამოგივიდათ - 28 ქულა და მოგება, უდიდესი როლი გადამწტვეტ მეოთხედში. რას იტყვით ამ გამარჯვებაზე, რომლის სამი მეოთხედი გუნდს ძალიან გაუჭირდა (76 ქულა), ბოლოში კი 48 ქულა ჩააგდო?

სანდრო მამუკელაშვილი: ეს "ქამბექი" ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ გვყავს ბიჭები, რომელთაც ბრძოლა და გამარჯვებები უყვართ. გუნდში ყველას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ქულით აგებ და რამდენი წუთი რჩება თამაშის ბოლომდე, ყველა ბოლომდე იბრძვის. ყველაზე კარგი გუნდისთვის ისაა, რომ "ეგოისტი" არავინაა, ყველა მეგობრულია. ასეთი გუნდელები უნდა ინატრო. ეს დიდებული გამარჯვება იყო.

GSPN: ბოლო მეოთხედში თქვენი მხრიდან უამრავი ქულა გამარჯვებულის მენტალიტეტის გამოვლინება იყო, თუ უბრალოდ, სროლა წაგივიდათ?

მამუკელაშვილი: ეს გუნდური თამაშია, რომელშიც ხანდახან უნდა წამოიწიო პირველ პლანზე. ვიგრძენი, რომ არასაკმარისად თამაშობდნენ ჩემს წინააღმდეგ დაცვაში და ამის გამოყენება ვცადე. როცა ერთს ჩააგდებ, მეორეც გინდა, რომ ჩავარდეს, ასე ხდები თავდაჯერებული და თავი საუკეთესო მსროლელი გგონია. გრძნობ, რომ დღეს შენი დღეა და გინდა, ის დაუსრულებლად გაგრძელდეს. ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს, მენდნენ და აქცენტი ჩემს თამაშზე გააკეთეს. როცა გუნდელს პასის მიცემა არ უყვარს, ვერაფერს გააწყობ. აქ კი პირიქითაა. 

ვისკონსინში სანდრო უკვე გუნდის ლიდერია

GSPN: ამ თამაშშიც იყო ეპიზოდები, მაგრამ ისედაც ცნობილი ხართ, როგორც კალათბურთელი, ვინც თამაშს კარგად "კითხულობს"... 

მამუკელაშვილი: ბევრ ფილმს ვუყურებ კალათბურთზე, ბაქსის თამაშს ვუყურებ, იანისის თამაშს ვუყურებ, ბობი პორტისისას... ვაკვირდები ამ დიდებულ ბიჭებს და მათგან ვსწავლობ. ამის გარდა, მწვრთნელის ასისტენტები საოცარი ხალხია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ შენთვის. ვერკვევი, რა დროს, როგორ მოვიქცე სათამაშო სიტუაციებში და ყველაფერი ბრწყინვალედ გამომდის პრაქტიკაში. 

GSPN: იანისი ახსენეთ, როცა აგირჩიეს, ვიფიქრეთ, რომ ოდესმე კარგად შეეწყობით ერთმანეთს. მასთან ერთად თამაში გიწევთ, როგორია ეს, როგორია ბაქსში თამაშის გამოცდილება?

მამუკელაშვილი: ეს უბრალოდ საოცარი შეგრძნებაა. დიდებულ გუნდში ვარ, საოცარ, გამოცდილ ვარსკვლავებთან ერთად. ვგრძნობ, რომ მეგობრულად არიან განწყობილები, როგორც ოჯახის წევრს ისე მიყურებენ და ბევრს მასწავლიან. როცა გასახდელში ყველა ერთმანეთის მეგობარია, ეს გუნდზეც აისახება. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვთამაშობ, ისინი ყოველთვის ცდილობენ, დამეხმარონ, ამიხსნან ნიუანსები. იანისთან ერთად თამაში საოცრებაა, ჩემი აზრით, ის ახლა ასოციაციის საუკეთესო მოთამაშეა. გასულ სეზონის ფინალის მატჩები ძალიან დაკვირვებით ვნახე, როგორ თამაშობდა მაშინ ანტეტოკუნმპო. უბრალოდ ის ფაქტიც კი, რომ შემიძლია ვარჯიშზე მივიდე და რაღაც საკითხზე ვკითხო, პასუხი მივიღო, უკვე ფანტასტიკის სფეროა. ახლა მხოლოდ ერთი მსურს, ეს სწავლის და ზრდის პროცესი გაგრძელდეს, რომ უკეთესი მოთამაშე გავხდე. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხშირად მომიწევს იანისთან ერთად თამაში. 

GSPN: აქ, ვისკონსინში გატარებული დრო ამ პროცესს ხელს შეუწყობს?

მამუკელაშვილი: 100%-ით დარწმუნებული ვარ ამაში. 

GSPN: კონკრეტულად რა ნიუანსებს ამუშავებთ საკუთარ თამაშში?

მამუკელაშვილი: სიმართლე გითხრათ, ყველაფერს. მწვრთნელები ბევრ რამეს მასწავლიან. დაცვაში მოსამატებელი მაქვს: მინდა, რომ ყველა შესაძლო ბურთის მოხსნა შევძლო ფარქვეშ. მსურს, ჩემი სროლა კიდევ უფრო კომფორტული გახდეს. მეტი ვესროლო თავდაჯერებით, ეს ძალიან მოსწონს გუნდის სამწვრთნელო შტაბს. ძალიან მომწონს ვისკონსინში ყოფნაც, აქ ყველას შეუძლია ლიდერის ფუნქციების შეთავსება, მომატება. 

მამუკელაშვილი NBA-ში: 7 წუთი: 2.1 ქულა, 1.1 მოხსნა, 0.2 პასი

მამუკელაშვილი G ლიგაში: 29 წუთი: 24.7 ქულა, 8.7 მოხსნა, 3.0 პასი


"მამუკელაშვილის შესანიშნავი თამაში მხოლოდ ჰერდის სამწვრთნელო შტაბსა და მთავარ მწვრთნელ ჩეისონ ალენს არ მოსწონს. აღმოსავლეთ კონფერენსიის სკაუტმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, GSPN-ს განუცხადა, რომ მამუ უკვე მზად არის NBA-ში თამაშისთვის. მისი თქმით, ის აუცილებლად გაუწევს სანდროს რეკომენდაციას თავის კლუბში, თუკი ბაქსი მას ოდესმე თავისუფალ აგენტად გაუშვებს", - წერს ინტერნეტგამოცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები