Thumbnail

'საქართველო აშშ-ზე წინ? უცნაურია' - ATP CUP-ის ფორმატს აკრიტიკებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მათი ლიდერი ბასილაშვილი რეიტინგში 22-ე ადგილზეა, მეტრეველი კი მხოლოდ - 569-ეა'
  • Tennisnet თვლის, რომ ATP Cup-ის მონაწილე ნაკრებები სხვაგვარად უნდა ირჩეოდნენ

საჩოგბურთო ვებ-გვერდმა Tennisnet ATP Cup-ის მონაწილეების შესახებ დაწერა და ტურნირის ფორმატი გააკრიტიკა. საიტის აზრით, უცნაურია შეჯიბრზე ისეთი გუნდების ხილვა, რომელთაც თითო კონკურენტუნარიანი ჩოგბურთელი ჰყავთ, გაცილებით სტაბილური შემადგენლობის მქონე ნაკრებები კი იჩაგრებიან. Tennisnet-მა მაგალითად საქართველოს ნაკრების მოიყვანა, რომელიც ATP Cup-ზე ითამაშებს, აშშ-ს ძლიერი გუნდი კი საქმეში ვერ იქნება.

“დღევანდელი გათვლებით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრები, რომლის ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზეა, მომდევნო ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი კი მხოლოდ 569-ეა. უცნაურია და ამ ფონზე შეჯიბრს მიღმა რჩება უძლიერესი საჩოგბურთო ქვეყანა – აშშ, რომლის ლიდერი ტეილორ ფრიცი ბასილაშვილს მხოლოდ 1 პოზიციით ჩამორჩება, მას კვალში ჯონ ისნერი უდგას, TOP 50-ში კი რაილი ოპელკა, ფრენსის ტიაფო, სებასტიან კორდა და ტომი პოლიც შედიან.

მიუხედავად ამისა, აშშ-ს ATP Cup-ზე მაინც ვერ ვიხილავთ, რადგანაც მე-16 გუნდად ავსტრალია მოდის. ამ გუნდის პირველი ჩოგანი ალექს დე მინორი მხოლოდ 34-ეა, თუმცა, ავსტრალიელებს მასპინძლის რანგში თამაში გარანტირებული აქვთ. სხვათა შორის, ტურნირს მიღმა რჩება ყაზახეთის ნაკრებიც, რომელმაც ამჟამად მიმდინარე დევისის თასზე მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. სხვა საქმეა, რომ შეჯიბრის დაწყებამდე, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. ეს, იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი სტეფანოს ციციპასისა და დომინიკ ტიმის ტრავმების გამო, ATP Cup-ს საბერძნეთისა და ავსტრიის ნაკრები გამოაკლდებიან”.

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები 2020 წლის ATP Cup-ზე

აღნიშნული ვებ-გვერდის პათოსი გასაგები და გარკვეულწილად მისაღებიც არის, თუმცა, უცნაური ისაა, რომ Tennisnet არაფერს წერს იგივე საბერძნეთისა და ნორვეგიის ნაკრებების შესახებ, რომელთაც ასევე თითო ცნობილი ჩოგბურთელი ჰყავთ, მერე კი მათთანაც დიდი უფსკრულია. ცნობისთვის, საბერძნეთში სტეფანოს ციციპასის შემდეგ მე-2 ჩოგანი მიხაილ პერვოლარაკისია (423-ე), ხოლო ნორვეგიელებს კასპერ რუუდის საუკეთესო თანაგუნდელი ვიკტორ დურასოვიჩია (339-ე).

შეგახსენებთ, რომ ATP Cup-ის მონაწილეები ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელის რეიტინგის მიხედვით ირჩევიან. შეჯიბრი პირველად 2020 წელს გაიმართა და საქართველო მასშიც იყო ჩართული, ცხადია, მაშინაც ნიკოლოზ ბასილაშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით. საქართველოს ნაკრები ავსტრალიაში მე-13 განთესვით ჩავიდა, ბასილაშვილის თანაგუნდელები კი ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, გიორგი ცივაძე და ზურაბ ტყემალაძე იყვნენ. ამ გუნდმა, რომლის კაპიტანიც დავით კვერნაძე გახლდათ, ჯგუფში ესპანეთთანა (0:3) და იაპონიასთან (1:2) წააგო, ურუგვაის კი 2:1 სძლია და მე-3 ადგილი დაიკავა.

ATP Cup-ის პირველი გამარჯვებული სერბეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ესპანეთი დაამარცხა. 2021 წლის დასაწყისში კოვიდ-პანდემიის გამო შეჯიბრში მხოლოდ 12 საუკეთესო ნაკრები ჩაერთო და გამარჯვება რუსებმა იზეიმეს. მათ გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიას აჯობეს.

ამჯერად, 1-9 იანვარს, შეჯიბრს ისევ ავსტრალია, კონკრეტულად კი, ქალაქ სიდნეის 2 სტადიონი – Ken Rosewall Aren და Sydney Super Dome უმასპინძლებს. შეჯიბრში 16 საუკეთესო ნაკრები ჩაებმება, 4 ჯგუფის გამარჯვებული კი ნახევარფინალში გავა. საერთო ჯამში, ATP Cup-ზე დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა შეიძლება 750 ქულა დააგროვოს, ამასთან, მონაწილეები 10 მილიონ დოლარსაც გაინაწილებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები