Thumbnail
  • იუნაიტედს იტალიელის სიტიში გატარებული პერიოდი პრობლემას არ უქმნის
  • ყველაფერი მარტში გადაწყდება, როცა მუნდიალის პლეი ოფის მატჩები გაიმართება

მანჩესტერ იუნაიტედი რამდენიმე დღის წინ რალფ რანგნიკმა ჩაიბარა, თუმცა მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე და ამიტომაც, ინგლისური გრანდი მწვრთნელს ისევ ეძებს.

Telegraph-ის ინფორმაციით, იუნაიტედის სიაში ფავორიტად იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი რჩება, თუმცა, ყველაფერი მარტის შემდეგ გაირკვევა, როდესაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშებს და ცნობილი გახდება გავა თუ არა მუნდიალზე.

მანჩინიმ იტალიას ევრო 2020 მოაგებინა, მაგრამ ბოლო დროს პრობლემები მოუმრავლდა

აღსანიშნავია, რომ მანჩინის ინგლისში მანჩესტერ სიტიში უმუშავია და 2012 წელს პრემიერლიგის ჩემპიონობა სწორედ იუნაიტედთან კონკურენციაში მოიპოვა, თუმცა, სიტისთან დაკავშირებული წარსული "წითელი ეშმაკებისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მანჩინის მანჩესტერი რანგნიკის დანიშვნამდეც დაუკავშირდა, მაგრამ მაშინ იტალიელი სპეციალისტისგან უარი მიიღო.

რობერტოს სამწვრთნელო კარიერაში ფიორენტინაში, ლაციოში, ინტერში, ზენიტსა და გალათასარაიში უმუშავია, იტალიის ნაკრები კი 2018 წელს ჩაიბარა და გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. მას იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ თუ "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავა, შესაძლოა, მხარეებმა თანამშრომლობის დასრულება გადაწყვიტონ.

რაც შეეხება რალფ რანგნიკს, ის მანჩესტერს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის, ხოლო შემდეგ კლუბში მრჩევლის პოსტს დაიკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები