Thumbnail
  • პაატა გურასპაული თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა წარადგინა
  • მისი ძირითადი კონკურენტი ვიქტორ სანიკიძე იქნება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებადაც დარეგისტრირდა.

გურასპაულის დარეგისტრირების შესახებ განცხადება სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრმა – თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა შეიტანა.

პაატა გურასპაული და ვიქტორ სანიკიძე ევრობასკეტის ფინალური ეტაპის წილისყრაზე

ამგვარად, თუკი არაფერი შეიცვალა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა ორ კანდიდატს შორის წარიმართება. ესენი გურასპაული და საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე არიან.

სანიკიძის რეგისტრაციის თაობაზე ფედერაციაში განცხადებები გუშინ საკალათბურთო კლუბებმა – რუსთავი 1991-მა და ქუთაისი 2010-მა შეიტანეს, რომლებიც ასევე სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია ვიქტორი პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გახლავთ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება 2021 წლის 11 დეკემბერსაა დაგეგმილი და სწორედ მაშინ გავიგებთ, დარჩება თუ არა პოსტზე პაატა გურასპაული, რომელიც პრეზიდენტად 2017 წლის 11 დეკემბერს აირჩიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები