Thumbnail

ჰემილტონი ისევ იმ ძრავით! რა შემთხვევაში გახდება მაქსი ჩემპიონი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფორმულა 1-ის სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია
  • ბოლოსწინა რბოლაში მაქს ფერსტაპენს ჩემპიონობის შანსი აქვს
  • ჰემილტონი საუდის არაბეთში “ბომბი-ძრავით” იასპარეზებს
  • ტოტო ვოლფი მერსედესის გულშემატკივრებს გამარჯვებას ჰპირდება

ლუის ჰემილტონი ეცდება, საუდის არაბეთში დაგეგმილ ბოლოსწინა რბოლაში, მერსედესის მძლავრი ძრავით, რომლითაც ბრაზილიაში იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავოს. ასეთ შემთხვევაში, სეზონის ბოლო რბოლაში ჰემილტონსა და მაქს ფერსტაპენს შორის ნამდვილ ფინალს მივიღებთ.

“ჩვენი ნამდვილი ბომბი ისევ ბრუნდება - საუდის არაბეთისთვის და აბუ დაბისთვის. ჩვენ ის სეზონის ბოლო ორი რბოლისთვის შემოვინახეთ,” - განაცხადა მერსედესის გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა კატარის გრანპრის შემდეგ. მანამდე, ჰემილტონმა ბრაზილიაში სწორედ ამ ახალი აგრეგატით “იფრინა”, მერე კი, კატარში ეს ძრავა აღარ გამოიყენეს, დაზოგეს.

“პირველობისთვის ბრძოლაში ისეთი მოტივირებულები ვართ, როგორც არასდროს. საუდის არაბეთის პირველ რბოლას მოუთმენლად ველოდებით,” - დასძინა ვოლფმა ჯიდაში სადებიუტო რბოლის წინ.

ზედიზედ ორი გრანპრის მოგების შემდეგ ჰემილტონმა ფერსტაპენთან ჩამორჩენა მართალია, 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მაქსს გაჩემპიონება კვირასვე შეუძლია. “მშვიდად ვარ. ვიცი, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ. ფაქტია, სეზონის დაძაბული ფინალი გველის,” - ეს ფერსტაპენის სიტყვებია.

მაქს ფერსტაპენი კვირას მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, თუ:

🏎 მაქსი რბოლას მოიგებს და ყველაზე სწრაფი სწრის ქულასაც აიღებს, ჰემილტონი კი მაქსიმუმ მეექვსე ადგილზე გავა.

🏎 ფერსტაპენი მოიგებს სწრაფი წრის გარეშე, ჰემილტონი კი მაქსიმუმ მეშვიდეზე გავა.

🏎 ფერსტაპენი მეორე ადგილზე გავა და აიღებს ყველაზე სწრაფი წრის ქულას, ჰემილტონი კი მაქსიმუმ მეათეზე გავა.

🏎 ფერსტაპენი მეორე ადგილს დაიკავებს სწრაფი წრის გარეშე, ჰემილტონი კი უქულოდ დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები