Thumbnail

ალექსანდრ იანუშკინი: მეტოქე შევისწავლეთ, თბილისში მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

პენზის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ იანუშკინი რაგბი ევროპის სუპერთასის ეგიდით შავ ლომთან დაპირისპირებას გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ რუსული კლუბი საქართველოში 27 ნოემბერს ჩამოვიდა და პრინციპული მატჩისთვის ადგილზე ემზადება. შეგახსენებთ, რომ გუნდებმა უკვე ითამაშეს პენზაში, სადაც ქართულმა ფრენჩაიზმა 27:11 იმარჯვა.

ალექსანდრ იანუშკინი: “შავი ლომი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც გარკვეულწილად საქართველოს ნაკრებს წარმოადგენს, მათთან თამაში კი ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეტოქეს უკვე ვეთამაშეთ პენზაში, ისინი შესწავლილი გვყავს და ვფიქრობ, მაგარი თამაში უნდა გამოვიდეს. ჩვენ ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს და როგორც ყოველთვის, მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ. თბილისში მზადებისთვის ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი. სამშაბათს ადგილობრივი აკადემიის გუნდთან ვივარჯიშეთ, რისი წყალობითაც როგორც ფორვარდებმა, ასევე მცველებმა გარკვეული ელემენტები დახვეწეს”.

შეგახსენებთ, რომ შავი ლომი ახალ ტურნირში 16 ოქტომბერს ჩაერთო და ავჭალის სარაგბო სტადიონზე თელ ავივი ჰითი ბონუსით დაამარცხა (33:10), მერე კი სტუმრად ლოკომოტივთან გამარჯვება იყო. თავის მხრივ, პენზელებს ოთხივე შეხვედრა წაგებული აქვთ: ენისეისთან (6:22 და 21:44), შავ ლომთანა და თელ ავივ ჰითთან – 23:29. ჯგუფის ლიდერი ენისეია, რომელსაც აქტივში 11 ქულა აქვს, ქართული ფრენჩაიზი კი 10 ქულით მეორეა. 4 დეკემბერს შავი ლომი ლოკომოტივს უმასპინძლებს, თელ ავივ ჰითისა და ენისეის თამაში კი გადაიდო.

კომენტარები

ბოლო ამბები