Thumbnail
  • თომას მიულერისთვის გასაგებია, რატომ იგებს მესი ოქროს ბურთებს
  • თუმცა მისი აზრით, წელს ლევანდოვსკი უფრო მეტად იმსახურებდა
  • ბაიერნის ლიდერმა ბუნდესლიგის პრობლემაზეც ისაუბრა
  • მიულერისთვის ეს ყველაფერი მოტივაციაა და ბარსას ემუქრება

ოქროს ბურთის დაჯილდოებიდან ორი დღის შემდეგაც კი არ წყდება იმაზე საუბრები, რომ წელს ამ პრესტიჟულ ჯილდოს ლიონელ მესიზე მეტად რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებდა. მსოფლიო ფეხბურთის ამ აქტუალურ თემას ახლა ბაიერნის ლიდერი თომას მიულერიც გამოეხმაურა.

“გნებავთ ბავარიის მხრიდან შეხედეთ, გნებავთ პოლონეთის და გნებავთ, გერმანიის მხრიდან - ოქროს ბურთის დაჯილდოება ყველა შემთხვევაში იმედგაცრუება იყო. ზოგისთვის კი ამაზე მეტიც, - წერს მიულერი Linkedin-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

თომასისთვის გასაგებია, რატომ აძლევენ ოქროს ბურთებს მესის, მაგრამ მიაჩნია, რომ წელს ამ ჯილდოს მისი თანაგუნდელი გოლეადორი უფრო მეტად იმსახურებდა: “მართალია, მესის სახით გვყავს ალბათ ყველა დროის საუკეთესო ინდივიდუალისტი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამჯერად ოქროს ბურთს რობერტ ლევანდოვსკი უფრო იმსახურებდა.”

'უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რა შეუძლია გერმანულ ფეხბურთს!'

მიულერმა ისიც გაიხსენა, რომ 2013 წელს ოქროს ბურთი ფრანკ რიბერის უნდა მიეღო და მიაჩნია, რომ ბუნდესლიგის ვარსკვლავებს ჩაგრავენ. “ჩემთვის გასაგებია, რატომაც იგებს მესი. არ გამიკვირდა ის, რაც მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გახდა გასაგები, რომ ბუნდესლიგის ვარსკვლავებისთვის უფრო მეტად დასაფასებლად მეტი საერთაშორისო წარმატებაა საჭირო.”

მიულერი ამბობს, რომ მისთვის ახლა უდიდესი მოტივაციაა, ისევ მოიგოს ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა: “ჩემპიონთა ლიგის თასი ისევ მიუნხენში უნდა ჩამოვიტანოთ. ახლა სწორედ ეს არის ჩემი უდიდესი მოტივაცია. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რა შეუძლია გერმანულ ფეხბურთს!”

მიულერის მუქარას უკვე ჰყავს პირველი პოტენციური მსხვერპლი: მესის ყოფილი კლუბი ბარსელონა. “ყველაფრის დასამტკიცებლად მომდევნო შანსი მომავალ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, ბარსელონასთან მოგვეცემა. თქვენ ძალიან მოტივირებულ ბაიერნს ნახავთ!”

კრიზისში მყოფ კატალონიურ გრანდში მიულერის ეს სიტყვები არ ესიამოვნებათ...

 

კომენტარები

ბოლო ამბები