Thumbnail

'მხოლოდ 14-15 ფეხბურთელი მყავს' - გვარდიოლა შემადგენლობით უკმაყოფილოა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ტრავმებით შეშფოთებულია
  • 'ქალაქელებს' უახლოესი მატჩი პრემიერლიგაში, ასტონ ვილასთან ელოდებათ

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გუნდში შექმნილი საკადრო პრობლემებით უკმაყოფილოა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მის განკარგულებაში მხოლოდ 15 ფეხბურთელია და ეს ყველაფერი დეკემბრის წინ, როდესაც გუნდს გადატვირთული კალენდარი აქვს.

"გუნდში საგანგებო მდგომარეობა გვაქვს, ძალიან, ძალიან ცოტა ფეხბურთელი გვყავს. არასდროს ვწუწუნებ, როდესაც ფეხბურთელებს ტრავმები ან დისკვალიფიკაცია აქვთ, რადგან მთლიანად გუნდს ვენდობი და სხვა მოთამაშეებს მათი შეცვლა შეუძლიათ. თუმცა, დეკემბრის წინ, რომელიც წლის ყველაზე რთული თვეა, სერიოზული პრობლემები გვაქვს. მხოლოდ 14-15 ფეხბურთელი გვყავს და უმეტესობამ სეზონში უკვე ძალიან ბევრი მატჩი ჩაატარა.

კევინ დე ბრუინი ვარჯიშს დაუბრუნდა, მაგრამ დრო სჭირდება, რომ სრულად გამოჯანმრთელდეს. კევინი კი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ფორმაში ყოფნა სჭირდება, რათა თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. ფეხბურთელები, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ, ამბობენ, რომ თავს დაღლილად გრძნობენ და მათაც დრო სჭირდებათ", - თქვა გვარდიოლამ ასტონ ვილასთან მატჩის წინ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში 13 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ჩელსის მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე A ჯგუფში პირველი პოზიცია უკვე გაინაღდა და პარი სენ-ჟერმენს აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები