Thumbnail

'ისტორიული შანსია' - პრობლემების მიუხედავად, მიქაუტაძე ანდერლეხტთან ითამაშებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

30 ნოემბერს (თბილისის დროით, 23:45-ზე) გიორგი მიქაუტაძის სერენს მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის - ბელგიის თასის 1/8 ფინალში ქვეყნის გრანდ ანდერლეხტთან, რომელსაც ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ვენსან კომპანი წვრთნის. 

ბელგიური მედიის ცნობით, 21 წლის ქართველ ფორვარდს მცირე პრობლემები აქვს (გადაღლას ასახელებენ), თუმცა საშიში არაფერია და ის ანდერლეხტთან აუცილებლად ითამაშებს. მატჩის წინ სერენის ესპანელმა თავკაცმა ჟორდი კონდომმა ილაპარაკა.

ჟორდი კონდომი (სერენის მწვრთნელი): "მარიუსმა მხოლოდ ახლახან განაახლა ვარჯიშები, ის მხოლოდ ბრიუგესთან მატჩისთვის იქნება მწყობრში. მეტიც, მცირე პრობლემები აქვთ ანტუან ბერნიესა და გიორგი მიქაუტაძესაც. ის ფაქტი, რომ სერენი ხელოვნურსაფარიან მინდორზე ვარჯიშობს, ბევრ პრობლემას გვიჩენს. ეს პრობლემა როგორმე უნდა გადაიჭრას.

ეს ჩვენთვის ისტორიული შანსია. ამიტომაც, მოედანზე გავიყვან მაქსიმალურად ძლიერ შემადგენლობას. მატჩი მნიშვნელოვანია ჩვენი კლუბისთვის, სტაფისთვის, ფეხბურთელებისა და ფანებისთვის. ცუდი ის არის, რომ ტრავმების რისკი დიდია, ჩვენ ესეც უნდა გავითვალისწინოთ. 

აგვისტოში ანდერლეხტთან 0:3 დავმარცხდით, მაგრამ მას მერე გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენს პატარა მინდორზე ყველაფერი სხვანაირად იქნება. ფანების მხარდაჭერით ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია".

გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია, მან ჯერ ლევან შენგელიას ლიოვენს გაუტანა (და საგოლე პასი გააკეთა), რის წყალობითაც ტურის სიმბოლურში მოხვდა, შემდეგ კი გოლი სენტ ტრუიდენის კარშიც შეაგდო. ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჟუპილერ ლიგამ სწორედ მიქაუტაძე დაასახელა. ქართველ ფეხბურთელს სერენის შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩებში ამ სეზონში 12 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი (აქედან 3 ბელგიის თასზე), მას საშუალოდ ყოველ 89.5 წუთში ერთი გოლი გააქვს. სულ სერენის მაისურით გიორგის 36 მატჩში 32 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. ის ყოველ 87 წუთში ერთხელ უშუალოდ მონაწილეობს სერენის გოლში. ის ჟუპილერ ლიგაში საუკეთესოა კონტრშეტევებზე თამაშისას კარში დარტყმების რიცხვით.  

კომენტარები

ბოლო ამბები