Thumbnail

'ჩამოერთვას ტიტულები, დაქვეითდეს სერია B-ში' - იტალიაში იუვეს დასჯას ითხოვენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იტალიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის (CODACONS) ხელმძღვანელი მარკო დონცელი მიიჩნევს, რომ ტურინის იუვევნტუსსს ტიტულები უნდა ჩამოერთვას და სერია B-ში დაქვეითდეს. ამის მიზეზი გამოძიებაა, რომელიც ტურინული კლუბის ბოსების მხრიდან შესაძლო ფინანსური დარღვევების გამო ახლახან დაიწყო. 

"თუკი იუვენტუსმა უკანონო გზით მიიღო უპირატესობა მეტოქეებთან შედარებით, საქმეში ფედერაცია და საბაზრო კონკურენციის სამმართველო უნდა ჩაერთონ და სანქციები დააკისრონ მათ, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება. 

ჩვენ უნდა დავიცვათ ათასობით გულშემატკივარი. ანტიმონოპოლიურ კომიტეტსა და ფედერალურ პროკურატურაში საჩივარს შევიტანთ და მოვითხოვთ იუვენტუსის სერია B-ში დაქვეითებასა და ლიგაში მოპოვებული უკანასკნელი ტიტულების ჩამორთმევას, რომლებიც კლუბმა სავარაუდოდ უკანონო ოპერაციების შედეგად დაისაკუთრა", - აქვეყნებს დონცელის სიტყვებს იტალიური მედია.

ფაბიო პარატიჩი, პაველ ნედვედი და ანდრეა ანიელი ეჭვმიტანილები არიან

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იუვენტუსის პრეზიდენტის ანდრეა ანიელის, ვიცე-პრეზიდენტის პაველ ნედვედისა და ყოფილი სპორტული დირექტორის ფაბიო პარატიჩის მიმართ გამოძიებაა დაწყებული. ისინი ფინანსური ანგარიშგების გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილნი.

ეჭვობენ, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ფინანსურ მაქინაციას 2018/19, 2019/20 და 2020/21 წლების სეზონებში მიმართავდა. საუბარია კლუბისგან 50 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური მონაცემების ფალსიფიკაციაზე. ამას გარდა, სამართალდამცველები დაინტერესდნენ კლუბსა და კრიშტიანო რონალდოს შორის გაფორმებული კონტრაქტით და ეჭვობენ, რომ შარშანდელი ლოქდაუნის პერიოდში პორტუგალიელისთვის გადახდილი ანაზღაურება ფინანსურ ანგარიშგებაში შეტანილი არ იყო.

იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს სკუდეტო 36-ჯერ აქვს მოგებული (კიდევ 2 ჩამოართვეს)

ტურინელებმა ბოლო სამ სეზონში სერია A ორჯერ მოიგეს, ერთხელ იტალიის თასსა და ორჯერ იტალიის სუპერთასს დაეუფლნენ. შეგახსენებთ, რომ იტალიურ ფეხბურთში 2006 წელს აგორებული "კალჩოპოლის" გამო, იუვენტუსს საჩემპიონო ორი ტიტული (2005 და 2006 წლების) ჩამოართვეს და სერია B-ში დააქვეითეს.

კომენტარები

ბოლო ამბები