Thumbnail

ბაიერნი-ბარსელონა მაყურებლების გარეშე? მიზეზი ისევ კორონავირუსია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია 
  • უკვე გადაწყვეტილია, რომ ქომაგები არ იქნებიან ლაიპციგი-სიტის თამაშზე

8 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის ბაიერნისა და ბარსელონას შეხვედრა დიდი ალბათობით, გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. ამის მიზეზი გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია.

გუბერნატორმა მარკუს ზიოდერმა დღეს განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გულშემატკივრებს ბავარიაში დაგეგმილ ღონისძიებებზე სტადიონებზე მისვლა აეკრძალებათ და ეს ყველა სპორტს ეხება, მათ შორის, ფეხბურთს.

ცნობისთვის, ოქტომბერში ბაიერნმა დასწრებაზე შეზღუდვა მოხსნა, თუმცა, ინფექციის მაჩვენებლის ზრდის ფონზე გასულ კვირას ახალი რეგულაცია მიიღეს, რომლის მიხედვითაც ბავარიაში სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობა შემცირდა და ახლა 25% დაიშვება.

დიდი შანსია, ჩავის გუნდმა უმნიშვნელოვანესი მატჩი ცარიელ სტადიონზე ჩაატაროს

"მაყურებლის უახლოეს მომავალში ხელახლა დაშვება ნონსენსია. თუ ეს ფედერალურ დონეზე არ გადაწყდა, ჩვენ რეგულაციას მხოლოდ ბავარიაში მივიღებთ", - განაცხადა ზიოდერმა რეგიონულ მაუწყებელ Bayern 2-თან საუბარში.

გუბერნატორს არ უთქვამს თუ როდიდან აპირებს ახალი რეგულაციის დაწესებას, ამიტომ, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება ბაიერნსა და ბარსელონას შორის გასამართი შეხვედრის საკითხიც, რომელიც კატალონიელებისთვის უმნიშვნელოვანესია: წარუმატებლობის შემთხვევაში, დიდი შანსია, ჯგუფში ჩარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ ასევე უმაყურებლოდ ჩატარდება ლაიპციგისა და მანჩესტერ სიტის შორის გასამართი მატჩი (7 დეკემბერი). ეს ამბავი მას შემდეგ გადაწყდა, რაც საქსონიის მხარემ ამ თვეში პირველმა გადაწყვიტა, რომ თამაშები დახურულ კარს მიღმა გაიმართოს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც გერმანიის მასშტაბით საქსონიაში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.  

კომენტარები

ბოლო ამბები