Thumbnail
  • რალფ რანგნიკი დოგმატიკოსია, რომელიც ახალგაზრდებთან კარგად მუშაობს
  • მისი პროფილი მანჩესტერ იუნაიტედს ნაკლებად ერგება
  • რონალდოს და პოგბას რანგნიკის სისტემაში ინტეგრაცია რთული იქნება

'მესი და რონალდო ჩემი ფეხბურთისთვის არ არიან. ასაკიც არ უწყობთ ხელს და ზედმეტად ბევრ ფულს იღებენ’ - ეს რალფ რანგნიკის სიტყვებია. თანაც, ახალი კი არა, 2016 წელს ნათქვამი სიტყვები.

მას შემდეგ კრიშტიანომ კიდევ რამდენიმე ჩემპიონთა ლიგა და ორი ოქროს ბურთი მოიგო, რანგნიკი კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ სიტყვებიდან ხუთი წლის შემდეგ ის მანჩესტერში რონალდოს და იუნაიტედის ძალიან ვარსკვლავური გუნდის მწვრთნელი აღმოჩნდებოდა. ვინ არის "პროფესორ რალფად" წოდებული რანგნიკი და რას უნდა ველოდოთ მისგან?

ვინ არის რალფ რანგნიკი

რალფი გერმანული სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ის კლოპის, ტუხელის და ნაგელსმანის მასწავლებლად მიიჩნევა და პრესინგზე დაფუძნებული აქტიური, აგრესიული სათამაშო სტილის ფუძემდებელია გერმანულ საფეხბურთო კულტურაში.

თუმცა, ის უფრო თეორეტიკოსია, ვიდრე გვარდიოლას მსგავსად ის კაცი, ვინც თავისი წარმატებებით საკუთარი სათამაშო სტილით მთელ მსოფლიოზე მოახდინა გავლენა. რანგნიკის იდეებით წარმატება მისმა იდეურმა მოწაფეებმა მოიპოვეს და არა თავად მან. ამ კუთხით იგი უფრო მარსელო ბიელსას ტიპის მწვრთნელია - გენიალური თეორეტიკოსი, რომელსაც ყველა აღიარებს, თუმცა უმაღლეს დონეზე მიღწევები პირადად ნაკლებად აქვს. ერთი განსხვავებაც - რანგნიკს ბიელსას დონეზეც არასოდეს უმუშავია. მაგალითად, არგენტინის ნაკრების კალიბრის გუნდი არასოდეს გაუწვრთნია. მისი კარიერა შტუტგარტის, შალკეს, ჰოფენჰაიმის და ლაიპციგის ტიპის გუნდებს ითვლის.

რა არის რანგნიკის ძლიერი და სუსტი მხარე

რანგნიკის ყველაზე ძლიერი მხარე საფეხბურთო კლუბში ორგანიზაციული სტრუქტურის აწყობაა. ბოლო 10 წელიწადში მან მწვრთნელად მხოლოდ ორი სეზონი იმუშავა, დანარჩენი ‘რედ ბულის’ სპორტულ იმპერიაში (ლაიპციგი, ზალცბურგი) პროექტის კოორდინატორი იყო - ანუ, ქმნიდა კლუბის სათამაშო და სავარჯიშო სისტემას და მეთოდოლოგიას, ეძებდა ფეხბურთელებს, მოჰყავდა მწვრთნელები, ვიდეოანალიტიკოსები, სკაუტები ა.შ.

რანგნიკი ნაგელსმანის მასწავლებელია

მან სახელი სწორედ ამ ტიპის მუშაობით გაითქვა - რანგნიკის სკაუტები მთელს ევროპაში წარმატებით მუშაობენ. მას სკაუტების დიდი ქსელი აქვს მსოფლიოში და ძალიან კარგად შეუძლია ახალგაზრდა ტალანტების პოვნა. რანგნიკმა იპოვა 20 წლის მანე, რომელშიც ფრანგულ მეცს 450 000 ევრო გადაუხდა. მისივე შემოქმედებაა დაიო უპამეკანოს პოვნა. მის სათამაშო სისტემაში ახალგაზრდები სწრაფად პროგრესირებენ. მისი გუნდები სწრაფ, აგრესიულ, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ - მთელი თამაში გიტევენ, გაპრესინგენენ და ზეწოლის ქვეშ გაქცევენ.

თუმცა, რანგნიკს სუსტი მხარეებიც აქვს - მას არასოდეს უმუშავია დიდ კლუბში. მწვრთნელის საქმის უდიდესი ნაწილი ადამიანურ ფაქტორზე მოდის - რანგნიკს დიდ სახელებთან საქმე არასოდეს ჰქონია. ერთია, ზალცბურგში ან ლაიპციგში ახალგაზრდების გაწვრთნა და მეორე კრიშტიანოსთან, პოგბასთან და ბრუნოსთან მანჩესტერში მუშაობა. ამ კაცის საფეხბურთო ბიოგრაფიაში მათთვის ბევრი არაფერია, დიდი რწმენა რომ აღძრას. რატომ უნდა იყოს რონალდოსთვის პროვინციული ჰოფენჰაიმის მესამე ლიგიდან ბუნდესლიგაში აღზევების ამბავი მნიშვნელოვანი მიღწევა?! მოკლედ, მას ამ დონეზე ავტორიტეტის პრობლემა აქვს.

ამავე დროს ის დოგმატიკოსია. რანგნიკი თავის ფეხბურთს არასოდეს ცვლის და მოთამაშეებს მუდამ თავის კონცეფციას არგებს. აქამდე ის მუდამ მისთვის კომფორტულ პირობებში მუშაობდა - ანუ, ქმნიდა გუნდს თავისი შეხედულებებით. მანჩესტერში მას ამისი დრო და საშუალება არ ექნება.

როგორ მოხვდა რანგნიკი იუნაიტედში

იუნაიტედის ყველა პრობლემას თითქმის ერთნაირი პასუხი აქვს - ედ ვუდვორდი. მანჩესტერს ფინანსისტი მართავს, ოღონდ ძალიან კარგი ფინანსისტი. ეს გუნდზეც აისახება: ფინანსებისა და მარკეტინგის მხრივ იუნაიტედი პრემიერლიგაში ყველაზე წარმატებული გუნდია - მაშინაც კი, როცა ტიტულებს მისი კონკურენტები იგებენ, თუმცა სპორტული მართვის კუთხით ბევრი პრობლემა აქვს. ვუდვორდი ამ კუთხით არცთუ ისე კომპეტენტურია. ამავე დროს, არც იუნაიტედის მფლობელ გლეიზერების ოჯახს აქვს იმის ცოდნა დაა სურვილი, სპორტული საკითხების დეტალებში რომ შეიჭრას. მანჩესტერი მათთვის ბიზნეს-პროექტია.

მოიესი, ვან გაალი, მოურინიო, სულშერი და ახლა რანგნიკი. ძალიან რთულია, ამ ჩამონათვალში რაიმე ლოგიკა დაინახო. თითქმის ურთიერთგამომრიცხავი სიაა. რა საერთო აქვთ ერთმანეთთან ვან გაალს და მოურინიოს, ან ჟოზეს და სულშერს? ანუ, მანჩესტერს თითქოს განვითარების სისტემური ხედვა არც აქვს და სიტუაციურად მოქმედებს.

ბოლო 10 წელიწადში მან მწვრთნელად მხოლოდ ორი სეზონი იმუშავა

რანგნიკიც ასე უცებ აღმოჩნდა ‘ოლდ ტრაფორდზე’. ვუდვორდმა საფეხბურთო დეტალების არცოდნა ისევ გამოამჟღავნა. ლივერპულთან და სიტისთან ორი კატასტროფული მარცხის შემდეგ ნათელი იყო, რომ სულშერი დიდხანს ვერ დარჩებოდა. მისი წასვლა დროის ამბავი იყო. როდის ცვლიან გუნდები მწვრთნელებს შუა სეზონის დროს? მარტივი პასუხია - სანაკრებო პაუზის წინ, რათა ახალ მწვრთნელს ორიოდე კვირა მაინც ჰქონდეს გუნდში ადაპტაციისთვის. ბაზარზე მხოლოდ ერთი ტოპ-მწვრთნელი იყო თავისუფლად დარჩენილი - ანტონიო კონტე. ტოტენჰემმა სანაკრებო პაუზა გამოიყენა და კონტე დანიშნა. იუნაიტედმა დააგვიანა და ეს პაუზა ვერ გამოიყენა. სულშერი ამ პაუზის შემდეგ წავიდა, თანაც ისე, რომ ახალ მწვრთნელს 30 დღეში 10 თამაშის ჩატარება მოუწევს. ანუ, ვუდვორმა საფეხბურთო ენაზე მარტივი კომბინაცია ვერ დათვალა - მოხსნა მწვრთნელი უფრო გვიან და რამდენიმე კვირა დაკარგა.

ეს არის განსხვავება ცუდ და კარგ მენეჯმენტს შორის. გასულ წელს, მაგალითად, ბარსელონამ (კიდევ ერთმა ცუდმა მენეჯმენტმა) ვალვერდე იანვარში, ანუ საახალწლო პაუზის შემდეგ მოხსნა - მაშინ როცა, ეს პაუზამდე უნდა გაეკეთებინა და შემდეგ სიჩქარეში ხელში კიკე სეტიენი შერჩა. ვუდვორდს გადაწყვეტილება ფორსმაჟორში უნდა მიეღო და სამწვრთნელო ბაზარზე არჩევანი თითქმის არ ჰქონდა.

რატომ არ გვჯერა რანგნიკის

‘რალფ ვინ?!’ - ასე აგდებულად მოიხსენია ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გერმანელი, როცა რამდენიმე წლის წინ მას მილანში დანიშვნას უპირებდნენ. იბრამ გულწრფელად ახსნა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის რანგნიკი და რა გაუკეთებია მას. მჯერა. მეეჭვება, იბრას ლაიპციგის და ჰოფენჰაიმის შიდა მიღწევები ადარდებდეს. ანუ, გერმანელის დანიშვნა მაანჩესტერის კალიბრის გუნდში, მისი ხედვების და პროფესიონალიზმის მიუხედავად, ძალიან სარისკო ნაბიჯია.

მანჩესტერისთვის ახალგაზრდა ტალანტების მოძიება, მათი პროგრესი და გაყიდვა (ის, რაც რანგნიკს ძალიან კარგად გამოსდის) საერთოდ არ არის პრიორიტეტული ამოცანა. იუნაიტედს ისეთი მწვრთნელი სჭირდება, ვინც ამ გუნდიდან მაქსიმუმს ამოიღებს და არა ის, ვინც ფეხბურთს ახლიდან ასწავლის.

იუნაიტედში რანგნიკს ბევრი გამოწვევა ელის

რანგნიკს არ უყვარს ასაკოვან ფეხბურთელებთან მუშაობა. მისი პირველი დიდი კონფლიქტი შტუტგარტში, ჯერ კიდევ წინა საუკუნის ბოლოს, სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო. მას გუნდიდან ბულგარელი გამთამაშებლის, ვეტერანი კრასიმირ ბალაკოვის გაშვება უნდოდა, რომელიც ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი იყო. სანაცვლოდ, თავად რანგნიკი გაუშვეს. მილანში მისი მისვლა ზლატანის წასვლას ნიშნავდა, სწორედ ამით იყო განპირობებული იბრას აგდებული კომენტარი.

გასაგებია იუნაიტედის გათვლა, რომ რანგნიკის ხელში თავის თავს იპოვის სანჩო, ფორმის პიკზე გავლენ ახალგაზრდა რაშფორდი, მარსიალი და გრინვუდი. ეს მოთამაშეები გერმანელის ინტენსიურ და დინამიურ სტილს უნდა მოერგონ. მაგრამ რა იქნება რონალდოს, პოგბას და ბრუნოს შემთხვევაში? რანგნიკის ინტენსიურ პრესინგში კრიშტიანოს და პოგბას როლი რთულად წარმოსადგენია. არადა, როგორც ვთქვით, გერმანელი სათამაშო სტილს არასოდეს ცვლის.

ზოგადად, ის არ არის კრიზის-მენეჯერი. ის უფრო ის კაცია, რომელსაც ეტაპობრივად და სისტემურად გუნდის თამაშის აწყობა ეხერხება. მისი ფეხბურთი სისტემური და კომბინაციურია და მას ამისთვის დრო და ბევრი ვარჯიში სჭირდება. მანჩესტერს დრო არ აქვს, გუნდი კრიზისშია - რანგნიკი შუა სეზონში მივიდა და ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლა მისთვის კატასტროფა იქნება.

იურგენ კლოპი: ‘ის ძალიან კარგი მწვრთნელი და ადამიანია, მაგრამ როგორც ყველა სხვა მწვრთნელს, მასაც სჭირდება დრო, რათა თავისი ფეხბურთი ითამაშოს. რალფი ძალიან მალე აღმოაჩენს, რომ ამისთვის მას აქ დრო არ აქვს. აქ თამაშები შეუსვენებლივ მიდის. ეს მის ამოცანას მხოლოდ ართულებს.’

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე რთული წარმოსადგენია, რომ გერმანელის მუშაობა მანჩესტერში დიდი წარმატებით დასრულდეს. დიდი ალბათობით, ვუდვორდმა, რომელიც თანამდებობას წლის ბოლოს ტოვებს, თავისი მანჩესტერული მოღვაწეობა კიდევ ერთი შეცდომით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები