Thumbnail

რობერტ ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ მისი მეუღლე ანა ლევანდოვსკასთვის ის ნებისმიერ შემთხვევაში პირველია - საუკეთესო ფეხბურთელი.

პროფესიით დიეტოლოგმა ანა ლევანდოვსკამ ინსტაგრამზე ემოციური, რომანტიკული პოსტი გამოაქვეყნა: “ჩემო სიყვარულო, რობერტ ლევანდოვსკი, ჩემთვის შენ ხარ საუკეთესო❤️! ყოველთვის ვამაყობ შენით! მიყვარხარ მთვარემდე და უკან!❤️“ - წერს მიუნხენის ბაიერნის პოლონელი გოლეადორის მეუღლე პოსტში, რომელსაც უკვე 250 000-ზე მეტი მოწონება და 4500-ზე მეტი კომენტარი აქვს.

შეგახსენებთ, რომ წელს რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგაში ლეგენდარული გერდ მიულერის 1972 წლის რეკორდი (40 გოლი სეზონში) მოხსნა და გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ამჯერად 41 გოლით გახდა.

საერთოდაც, ზედიზედ 4 წელია, ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ხდება და ბოლო 8 სეზონში ყველაზე მეტი გოლი 6-ჯერ გაიტანა. ახლა კი, მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგის ბომბარდირთა რეიტინგს 14 გოლით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგისას კი - 9 გოლით.

მიუხედავად ამისა, ოქროს ბურთი პარი სენ-ჟერმენის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მოიპოვა, რომელმაც სპორტული ჟურნალისტებისგან შემდგარი ჟიურისგან 613 ქულა მიიღო. ლევანდოვსკი 580 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, როცა ლევანდოვსკიმ ბაიერნთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, ოქროს ბურთის დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიმართა.

კომენტარები

ბოლო ამბები