Thumbnail

ფედერერის უარის წყალობით - საქართველო ATP Cup-ის 16 ნაკრებს შორის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მომავალ ტურნირში გუნდების ისევ შემცირებულ რაოდენობას ვიხილავთ
  • რომ არა შვეიცარიელის ტრავმა, ქართველი ჩოგბურთელები შეჯიბრის მიღმა რჩებოდნენ

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოახლოებულ ATP Cup-ში ტრადიციული 24-ის ნაცვლად, მონაწილეობას მხოლოდ 16 ნაკრები მიიღებს, თუმცა, ეს საფრთხეს არ უქმნის საქართველოს ნაკრებს. ქართველი ჩოგბურთელები ავსტრალიაში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობას მაინც მიიღებენ, რისი საფუძველიც... შვეიცარიელი როჯერ ფედერერის უარია.

შეგახსენებთ, რომ ATP Cup-ის მონაწილეები ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელის რეიტინგის მიხედვით ირჩევიან. ქართველთაგან საუკეთესო ნიკოლოზ ბასილაშვილი კლასიფიკაციაში 22-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა, ვინაიდან მის წინ ერთი ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელია, საქართველო მე-16 ადგილზე აღმოჩნდა.

ეს შეჯიბრზე მოხვედრის საშუალებას მაინც არ იძლეოდა, რადგანაც მასპინძელი ავსტრალია, რომლის საუკეთესო ჩოგბურთელიც (ალექს დე მინორი) კლასიფიკაციაში მხოლოდ 34-ე იყო, საქმეში აუცილებლად უნდა გვეხილა. საქართველოს ნაკრებს სწორედ ამ დროს გამოადგა როჯერ ფედერერის უარი, რომელიც ტრავმის მერე სასურველ ფორმაში ჯერაც არაა. როჯერი კლასიფიკაციაში მეთექვსმეტეა და ცხადია, ბასილაშვილის წინ იქნებოდა, თუმცა, ახლა სხვაგვარი ვითარება შეიქმნა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით კვერნაძე და ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ ATP Cup-ზე 

ახალი რეალობის გათვალისწინებით, ATP Cup-ში შემდეგი 16 ნაკრები ჩაერთვება: სერბეთი, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ნორვეგია, პოლონეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრია, ჩილე, საფრანგეთი, საქართველო, ავსტრალია.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი პირველად 2020 წელს გაიმართა და საქართველო მასშიც იყო ჩართული, ცხადია, მაშინაც ნიკოლოზ ბასილაშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით. საქართველოს ნაკრები ავსტრალიაში მე-13 განთესვით ჩავიდა, ბასილაშვილის თანაგუნდელები კი ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, გიორგი ცივაძე და ზურაბ ტყემალაძე იყვნენ. ამ გუნდმა, რომლის კაპიტანიც დავით კვერნაძე გახლდათ, ჯგუფში ესპანეთთანა (0:3) და იაპონიასთან (1:2) წააგო, ურუგვაის კი 2:1 სძლია და მე-3 ადგილი დაიკავა.

ATP Cup-ის პირველი გამარჯვებული სერბეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ესპანეთი დაამარცხა. 2021 წლის დასაწყისში კოვიდ-პანდემიის გამო შეჯიბრში მხოლოდ 12 საუკეთესო ნაკრები ჩაერთო და გამარჯვება რუსებმა იზეიმეს. მათ გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიას აჯობეს.

ამჯერად, შეჯიბრს ისევ ავსტრალია, კონკრეტულად კი, ქალაქ სიდნეის 2 სტადიონი – Ken Rosewall Aren და Sydney Super Dome 1-9 იანვარს უმასპინძლებს. საერთო ჯამში, ATP Cup-ზე დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა შეიძლება 750 ქულა დააგროვოს, ამასთან, მონაწილეები 10 მილიონ დოლარსაც გაინაწილებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები