Thumbnail

ბევრი ფიქრობს, რომ ოქროს ბურთს ლიონელ მესიზე მეტად რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებდა, მაგრამ რას ფიქრობს თვითონ პოლონელი გოლეადორი?

მიუნხენის ბაიერნის ბომბარდირმა, რომელმაც "ფრანს ფუტბოლის" ნომინანტთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა, დაჯილდოების შემდეგ "ოქროს ბურთის" ორგანიზატორების კრიტიკისგან თავი შეიკავა და "ტვიტერზე" საკმაოდ დიპლომატიური პოსტი გამოაქვეყნა.

"ვულოცავ ლეო მესისა და ალეკსია პუტელიასს (2021 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი), რომლებიც "ოქროს ბურთის" მფლობელები გახდნენ! ვულოცავ ყველა ნომინირებულ ფეხბურთელს! მე მოვიგე ჯილდო "წლის თავდამსხმელი". ვერცერთი მოთამაშე შეძლებს პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგებას, ძლიერი გუნდისა და ერთგული გულშემატკივრების გარეშე. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!", - დაწერა ლევანდოვსკიმ ტვიტერზე. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ლეო მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველი ტიტული მოიგო - კოპა ამერიკა. რობერტ ლევანდოვსკი კი ბაიერნთან ერთად, რომლის მაისურით ბუნდესლიგაში 41 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, გერმანიის ჩემპიონი გახდა. ბევრი ელოდა, რომ წელს Ballon d'Or-ს სწორედ პოლონელი მიიღებდა. 

ლეო მესი 'ოქროს ბურთების' რაოდენობით რეკორდსმენია

თავად არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, რომელმაც "ოქროს ბურთი" კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა, დაჯილდოების ცერემონიალზე ლევანდოვსკიც ახსენა, რომელმაც შარშან ეს ჯილდო კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მიიღო. 

"რობერტ, შენთან კონკურენცია ჩემთვის დიდი პატივია. ყველა ვთანხმდებით, რომ შარშან გამარჯვებული იყავი. ვფიქრობ, რომ "ფრანს ფუტბოლმა" 2020 წლის ოქროს ბურთი უნდა მოგცეს, ამას იმსახურებ, ის შენს სახლში უნდა იყოს", - თქვა ლიონელ მესიმ. 

სოციალურ ქსელში დაპოსტა რობერტ ლევანდოვსკის ცოლმა, ანა ლევანდოვსკამაც, რომელიც მეუღლეს საუკეთესოდ მიიჩნევს: "ჩემო სიყვარულო, ჩემთვის საუკეთესო შენ ხარ! მუდამ ვამაყობ შენით! უსაზღვროდ მიყვარხარ!', - დაწერა ანამ.

რობერტს დაჯილდოების ცერემონიალზე თან ანაც ახლდა

ჟურნალი France Football ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", იგივე Ballon d'Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოებს. გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ. 2010-იდან 2015 წლამდე France Football და ფიფა გამარჯვებულს ერთად - "ფიფას ოქროს ბურთით" აჯილდოებდნენ, თუმცა, 2016 წლიდან მხარეებმა თანამშრომლობა აღარ ისურვეს.

რობერტ ლევანდოვსკის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდოს მიღების შანსი კიდევ აქვს  - ფიფასგან. The Best FIFA Football Awards 2021 ორგანიზაციის შტაბბინაში მომავალი წლის 17 იანვარს გაიმართება და 11 ნომინანტს შორის პოლონელი ფორვარდიც არის.

კომენტარები

ბოლო ამბები