Thumbnail

6 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ტირასპოლის შერიფს ეფექტური გოლი გაუტანა და საფინალო სასტვენის შემდეგ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდოთი ხელში, ინტერვიუს დროს ასეთი რამ თქვა: “ინდივიდუალური ჯილდოები არ მაინტერესებს.”

31 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ორშაბათს საღამოს, პოდკასტ “Einfach mal Luppen-შიც” იგივე გაიმეორა. ამჯერად საუბარი “ოქროს ბურთზე” მიდიოდა და კროოსმა დასძინა: “ოქროს ბურთი მნიშვნელოვანი რამეა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ეს არის ჯილდო, რომელსაც სპორტის გუნდური სახეობის წარმომადგენელი ინდივიდუალური მიღწევებისთვის იღებს. და თუკი ასეთი დაჯილდოება არსებობს, მაშინ ის სამართლიანი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ამჯერად აბსოლუტურად არ ყოფილა სამართლიანი დაჯილდოება.”

'წელს მესი არც რონალდოზე წინ ყოფნას იმსახურებდა' - ტონი კროოსი

პოდკასტში მისმა ძმამ, ფელიქს კროოსმაც ისაუბრა, რომელიც ასევე არ ეთანხმება “ოქროს ბურთის” შედეგებს - მისი აზრით, პირველ ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორეზე კი მოჰამედ სალაჰი.

ტონი კროოსი ძმას დაეთანხმა, მაგრამ სხვა ფავორიტი ჰყავს: “ის, რასაც პირველ რიგში არ ვეთანხმები, ოქროს ბურთის წლევანდელი გამარჯვებულის ვინაობაა. ჩემი აზრით, პირველ ადგილზე ქარიმ ბენზემა უნდა ყოფილიყო, თუკი 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეძებდნენ. მისი თანაგუნდელი ვარ და ძალიან კარგად ვხედავ, რა შეძლო და რა შეუძლია ზოგადად. მეორე ადგილზე მეც ლევანდოვსკის გავიყვანდი, ხოლო მესამეზე კი ჟორჟინიოს, რადგან მან ყველაფერი მოიგო.”

სინამდვილეში, ბენზემამ მეოთხე ადგილი დაიკავა, სალაჰი კი სულაც მეშვიდეზე გავიდა. კროოსი კიდევ ერთი რამით დარჩა უკმაყოფილო: “როცა ვხედავ, რამდენი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა კრიშტიანო რონალდომ, როცა ვხედავ, რომ იუნაიტედის ჩემპიონთა ლიგაში ყოფნა ახლა მისი დამსახურებაა, თამამად ვიტყვი, რომ პორტუგალიელი მესიზე წინ ყოფნას იმსახურებდა.” - დასძინა რეალის გერმანელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე წელს მე-6 ადგილი დაიკავა - ნ’გოლო კანტესა და სალაჰს შორის...

კომენტარები

ბოლო ამბები