Thumbnail

ნეიმარისთვის 2021 დასრულდა - ბრაზილიელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი ნეიმარი, რომელმაც ლიგა 1-ის მე-15 ტურის შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო, წელს მოედანზე ვეღარ გავა. პარიზული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს 6-იდან 8 კვირამდე პერიოდი გაუცდება.

სამედიცინო გამოკვლების შემდეგ გაირკვა, რომ ნეიმარს მარცხენა კოჭის მყესები აქვს დაზიანებული. უახლოეს მომავალში ფეხბურთელს კიდევ ერთ გამოკვლევას ჩაუტარებენ, რათა გამოჯანმრთელების ვადები დაზუსტდეს.

სენტ ეტიენისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება პარიზული გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 3:1. მატჩი მიწურულს 29 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს სენტ ეტიენის მცველი ივან მესონი ეუხეშა. ფეხებში ვარდნის შედეგად ნეიმარმა მარცხენა კოჭი გადაიბრუნა და მოედნის დატოვება დამოუკიდებლად ვეღარ შეძლო. ის საკაცით გაიყვანეს. 


ნეიმარმა მიმდინარე ლიგა 1-ის ათ შეხვედრაში ითამაშა და 3-3 გატანილი გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. საფრანგეთის ჩემპიონატში გასული 15 ტურის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენს 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ რენს კი 12 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 1-ელ დეკემბერს, შინ ნიცასთან გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები