Thumbnail

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში პირველი მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის შეგირდები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს სტუმრად ტრავმირებული კაპიტნის თორნიკე შენგელიას გარეშე დაუპირისპირდნენ და 61:89 წააგეს. ამასთან, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებში რამდენიმე მაღალი დონის კალათბურთელია, სხვები კი მათ საგრძნობლად ჩამორჩებიან.

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა 21 წლის ახალწვეული ლუკა მაზიაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი), მის გარდა კი, პირველივე წუთებიდან მოედანზე თად მაკფადენი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი და ალექსანდე ფევაძე ვიხილეთ. მასპინძელთა თავკაცმა სერჯიო სკარიოლომ ასეთი ხუთეული დააყენა: ხაიმე ფერნანდესი, კინო კოლომი, დანი დიეზი, ფრან გუერა, ხოელ პარა.

თანაგუნდელები ტენერიფედან - ფრან გუერა და გიორგი შერმადინი

თამაში თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა, პირველი მეოთხედის ბოლო წუთები აშკარად მასპინძლების აღმოჩნდა. ქართველი კალათბურთელები 15:16-ს აგებდნენ, რის მერეც მასპინძლებმა 7 უპასუხო ქულა მიითვალეს და წინ გაიჭრნენ. საწყის ათწუთეულში სტუმართაგან ქულების აღება მხოლოდ სამმა კალათბურთელმა მოახერხა (შერმადინი და ბურჯანაძე 6-6, ხოლო მაკფადენი – 3), ესპანელთაგან კი, ერთბაშად – რვამ.

მე-2 მეოთხედის სტარტიც ესპანელების გამოდგა. ქართველები ძალიან ბევრს ცდებოდნენ, მასპინძლებმა კი კიდევ 5 ქულა მიითვალეს და ილიას ზუროსს წუთშესვენების აღება მოუხდა – 28:15. სამწუხაროდ, ამან ვერაფერი შეცვალა, რადგანაც საერთო ჯამში, კლასში სხვაობა აშკარა იყო. სკარიოლოს შეგირდები სწრაფ შეტევებში იოლ ქულებს იღებდნენ, ხისტი დაცვაც თავისას აკეთებდა და მეოთხედის შუაწელს სხვაობამ უკვე 19 ქულას უწია – 36:17.

საქართველოს ნაკრებისთვის შესვენებამდე ბოლო წუთები მცირედით უკეთესი გამოდგა. ზედიზედ 5 ქულა აიღო მაკფადენმა, მანვე კარგი პასით შეტევა შერმადინს დააგვირგვინებინა და ტაიმი 47:31 მორჩა. საწყის ნახევარში საუკეთესო სწორედ ქართველი ცენტრი იყო, რომელსაც 13 ქულა მოუგროვდა, 8-8 ქულა მიითვალეს ბურჯანაძემ და მაკფადენმა, 2 ქულაც კი გიორგი ტურძილაძემ ჩააგდო ურთულესი მდგომარეობიდან, თუმცა, მას მოკლე პერიოდში 3 დაკარგვაც მოუგროვდა. შედარებისთვის, პირველ ტაიმში მინიმუმ 1 ქულა უკვე 10 ესპანელ კალათბურთელს ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელებმა მე-3 მეოთხედი 4-ქულიანი გაქცევით დაიწყეს, თუმცა, ეს მხოლოდ ეპიზოდური გაელვება იყო. სტუმართა თამაშში აშკარად არ სჩანდა ის რესურსი, რომელიც გაცილებით თანაბრად დაკომპლექტებულ ესპანეთთან სათანადო წინააღმდეგობას გაწევას უზრუნველყოფდა. მე-3 მეოთხედის თავზე სხვაობა უკვე 23-ქულიანი (64:41) გახდა, კარგი კი მხოლოდ ის იყო, რომ შერმადინი შეტევაში ისევ სტაბილური იყო და მონაგარი 21 ქულამდე აიყვანა. სხვა მხრივ, ზუროსი შემადგენლობის როტაციას კი ცდილობდა, თუმცა, სათადარიგოთა სკამიდან დახმარება არ სჩანდა.

თად მაკფადენს ესპანელები მჭიდროდ მეურვეობდნენ

გასაგებ მიზეზთა გამო, ბოლო მეოთხედი ფორმალობად იქცა და გასარკვევი ისღა იყო, საქართველოს ნაკრები ანგარიშში ჩამორჩენის მცირედით შემცირებას თუ მოახერხებდა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ესპანელებმა 89:61 მოგვიგეს და სტატისტიკური კუთხითაც სხვაობა დიდი იყო. მეტოქემ მოხსნებში 40:29 გვაჯობა, პასებში - 24:13, დაკარგვები კი გაცილებით მეტი გვქონდა - 20:13. შერმადინის გარდა, 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ მაკფადენი (14, 4 სამქულიანი, პერიმეტრიდან მის გარდა ვერავინ ჩააგდო) და ბურჯანაძე (14) ასცდნენ, დანარჩენებმა კი ჯამში მხოლოდ 12 ქულა (!) მოაგროვეს. ამ ფონზე რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელი გახლდათ. 

ამ წარმატების წყალობით, სერჯიო სკარიოლოს მიერ გაწვრთნილმა ესპანეთმა 2 გამარჯვება მოაგროვა და G ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერად იქცა. თითო-თითო მოგება აქვთ საქართველოსა და უკრაინას, რომელმაც დღეს აუტსაიდერ ჩრდილოეთ მაკედონიას 78:61 სძლია. სხვა ჯგუფების მსგავსად, საკვალიფიკაციო მატჩები აღნიშნულ ოთხეულშიც გაისად თებერვალში განახლდება. ქართველი კალათბურთელები 24-სა და 27-ში, მაკედონიელებს, შესაბამისად, შინ და გარეთ ეთამაშებიან.

ესპანეთი 89:61 (23:15, 24:16, 17:10, 25:20) საქართველო

ესპანეთი: პაული (9), პრადილია (4), ლოპეს-აროსტეგი (14), პარა (3), პერეზი (2), ფერნანდესი (13), ბრიზუელა (8), დიაზი (4), კოლომი (6), დიეზი (8), სიმა (10), გუერა (8).

საქართველო: ფხაკაძე (2), ჯინჭარაძე (8), ბურჯანაძე (14), ტურძილაძე (2), მაკფადენი (14), შერმადინი (21), მაზიაშვილი, კორსანტია, ფევაძე, ბერიშვილი, ბაქრაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები