Thumbnail

'ჩემი სახელით იცრუა' - რონალდომ FRANCE FOOTBALL-ის რედაქტორი გააკრიტიკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდომ France Football-ის რედაქტორი გააკრიტიკა
  • პასკალ ფერეს განცხადებას კრიშტიანომ ტყუილი უწოდა

მანჩესტერ იუნაიტედისა და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ფრანგული ჟურნალისტი "ფრანს ფუტბოლის" მთავარი რედაქტორის, პასკალ ფერეს სიტყვებს გამოეხმაურა და მას ტყუილი უწოდა. რამდენიმე დღის წინ ფერემ თქვა, რომ კრიშტიანოს მთავარი ამბიციაა კარიერა ლიონელ მესიზე მეტი "ოქროს ბურთით" დაასრულოს. თანაც, ეს ყველაფერი პორტუგალიელმა მას პირადად უთხრა. თუმცა, CR7-მ სოციალურ ქსელში ფერეს ნაამბობი უარყო და ის მწვავედ გააკრიტიკა.

"დღევანდელი შედეგი განმარტავს, თუ რატომ თქვა გასულ კვირას პასკალ ფერემ, რომ მას ვუთხარი, თითქოს, ჩემი ერთადერთი მიზანია, კარიერის დასრულება უფრო მეტი "ოქროს ბურთით", ვიდრე ლიონელ მესი მოიგებს. პასკალ ფერემ იცრუა, მან გამოიყენა ჩემი სახელი საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის და პუბლიკაციისთვის, რომელშიც მუშაობს.

მიუღებელია, რომ ასეთი პრესტიჟული პრიზის მინიჭებაზე პასუხისმგებელი პირი იტყუება ასეთი გზით, აბსოლუტური უპატივცემულობა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ყოველთვის პატივს სცემდა ფრანს ფუტბოლსა და "ოქროს ბურთს". მან დღეს ისევ მოიტყუა, გალა-დაჯილდოებაზე ჩემი არყოფნა გაამართლა სავარაუდო კარანტინით, რომელსაც არსებობის საფუძველი არ აქვს.

მე ყოველთვის მაქვს სურვილი მივულოცო მათ, ვინც მოიგებს, სპორტული და სამართლიანი თამაშის ფარგლებში, რომლითაც ვხელმძღვანელობდი ჩემი კარიერის დასაწყისიდან და არასდროს არავის წინააღმდეგ არ ვარ. მე ყოველთვის ვიმარჯვებ საკუთარი თავისა და იმ კლუბებისთვის, რომლებსაც წარმოვადგენ. არავის წინააღმდეგ ვიგებ. ჩემი კარიერის ყველაზე დიდი ამბიციაა ეროვნული და საერთაშორისო ტიტულების მოგება იმ კლუბებში, რომლებსაც წარმოვადგენ და ჩემს ეროვნულ ნაკრებში.

ჩემი კარიერის ყველაზე დიდი ამბიციაა, ვიყო მაგალითი ყველასთვის, ვინც არის ან სურს, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი იყოს. ჩემი მთავარი ამბიციაა, ჩემი სახელი ოქროს ასოებით დავტოვო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

ბოლოს ვიტყვი, რომ ჩემი აქცენტი უკვე მანჩესტერ იუნაიტედის მომავალ თამაშზეა მიმართული და ყველაფერზე, რისი მიღწევაც ჩემს თანაგუნდელებთან და გულშემატკივრებთან ერთად ამ სეზონში შეგვიძლია".

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდოს კარიერაში 5-ჯერ აქვს ოქროს ბურთი მოგებული (2008, 2013, 2014, 2016, 2017) და ამ შედეგით მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება, რომელსაც ეს ჯილდო 6-ჯერ აქვს მოპოვებული (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019).

კომენტარები

ბოლო ამბები