Thumbnail

ESPN-ის ადრიენ ვოინაროვსკის მტკიცებით, ყოფილი ოლსტარელი დემარკუს კაზინსი მილუოკი ბაქსთან 1-წლიან არაგარანტირებულ კონტრაქტს აფორმებს. 31 წლის ცენტრმა წინა სეზონი ჰიუსტონსა და კლიპერსში გაატარა, მაგრამ ზაფხულში გუნდი ვერ მოძებნა. 

CBS-ის ინფორმაციით, მართალია, მილუოკიმ ბრუკ ლოპესის გარეშე ზედიზედ 6 მატჩი მოიგო, მაგრამ ცენტრის პოზიციაზე გუნდი ძალზე "თხლად" გამოიყურება: "იანისი გუნდს ძალიან ეხმარება, მათ შორის ფარქვეშაც, თუმცა ბობი პორტისსა და თანასისს უწევთ უფრო სხვა როლის მორგება, ვიდრე მათი პოზიციაა. პორტისის დაბრუნებამდე კი ბაქსს მოუწია წუთები სანდრო მამუკელაშვილისთვისაც მიეცა. კაზინსი, სულ მცირე, სკამზე სტაბილურობისა და გამოცდილების გარანტიაა".

dairylandexpress.com: "ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბში უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ როდესმე თამაშს შეძლებს სემი ოჯელეიე. ასევე იმის ნიშანია, რომ ბაქსის როტაციიდან ამოვარდებიან თანასისი და სანდრო მამუკელაშვილი".

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი დრაფტის 54-ე ნომრად აირჩიეს. მილუოკიში ის საშუალოდ 7 წუთს თამაშობს: 2.1 ქულა, 1.1 მოხსნა და 0.2 პასი. დემარკუს კაზინსი 2010 წლის დრაფტის მე-5 ნომრად აირჩიეს. მან ყველაზე დიდი დრო საკრამენტოში გაატარა, შემდეგ იყო ნიუ ორლეანი, გოლდენ სტეიტი, ჰიუსტონი და კლიპერსი. ის ახლა თავისუფალი აგენტია. კაზინსმა ამერიკის ნაკრებში რიოს ოლიმპიადა და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. "ოლ სტარში" კაზინსმა 4-ჯერ ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები