Thumbnail

ჭიდაობა | პეტრიაშვილი წონის ლიდერია - გენოს სოლიდური პრიზი ერგება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მძიმეწონოსანმა მსოფლიოს ჩემპიონს დამატებითი მაჩვენებლით აჯობა
  • წელი მე-2 ადგილზე დაასრულა მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორმა ნიკა კენჭაძემ

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) 2021 წლის შეჯამება დაიწყო, წონების მიხედვით საუკეთესო სამეულები ჩამოწერა და ისიც დაადასტურა, რომ ისინი სოლიდური საპრიზო თანხებით დაჯილდოვდებიან. თავდაპირველად, ლიდერები თავისუფალ ჭიდაობაში დასახელდნენ და მათ შორის საქართველოს ნაკრების 2 წევრიც მოხვდა.

წელი რეიტინგის პირველ ნომრად დაასრულა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.), რომელმაც წელი ევროპის ჩემპიონატზე აღებული ბრინჯაოს მედლით (16 ქულა) გახსნა, ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლი (44) აიღო და ასევე მე-2 ადგილზე (38) გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე.


ამგვარად, 27 წლის ქართველმა ფალავანმა ჯამში 98 ქულა მიითვალა და ასეთივე მონაგარი აღმოაჩნდა ირანელ მსოფლიოს ჩემპიონ ამირ ჰოსეინ ზარეს, თუმცა, მას ოლიმპიადაზე გენოზე უარესი შედეგი (ბრინჯაოს მედალი) ჰქონდა და ეს, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. შედეგად, პეტრიაშვილი 10 ათასს დოლარს მიიღებს, ზარე – 7 ათასს, ხოლო მესამეადგილოსანი ტაჰა აკგული (თურქეთი, 69 ქულა) – 3 ათასს.

საპრიზო ფონდი საგრძნობლადაა გაზრდილი და ეს იმის დამსახურებაა, რომ შარშან ანალოგიური დაჯილდოვება კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა. თუკი ადრე სპორტსმენებზე 200 ათასი დოლარი ნაწილდებოდა, ახლა, UWW-მ 600 ათასი გამოჰყო, საიდანაც 7 ათასს ნიკა კენჭაძეც მიიღებს.

ნიკა კენჭაძეს 7 ათასი დოლარი ერგება

24 წლის ქართველ მოჭიდავეს 41 ქულა მოუგროვდა და 79 კგ-მდე წონით კატეგორიაში მხოლოდ ამერიკელ ჯორდან ბაროუზს (60) ჩამორჩა. კენჭაძემ ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი და 16 ქულა მიიღო, ხოლო 25 ქულა მსოფლიოს ჩემპიონატზე აღებული ვერცხლის დამსახურებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები