Thumbnail
  • 📅 29 ნოემბერი | ⌚ 23:30 | 🏀 ესპანეთი V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • ილიას ზუროსის გუნდი თორნიკე შენგელიას გარეშე სათამაშოდ ემზადება

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა ესპანეთთან მატჩის წინ, რომელიც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით დღეს ღამით უნდა გაიმართოს.

მოედანზე არ გამოჩენილა საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია. მან უკრაინასთან სასტარტო შეხვედრაში მუხლი იტკინა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს. შენგელიამ ვარჯიშს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა საქართველოს ნაკრების წევრები იმ კონკრეტულ კომბინაციებში ავარჯიშეს, რომელთა გათამაშებაც დღევანდელ შეხვედრაში იგეგმება. ბერძენმა მწვრთნელმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დაცვასაც. ის მოთამაშეებს თითოეულ დეტალს ინდივიდუალურად უხსნიდა, ამხნევებდა და შესაბამის რჩევებს აძლევდა.

თორნიკე შენგელიამ ვარჯიშს თვალი სკამიდან ადევნა
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ვარჯიშმა საათნახევარი გასტანა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები სასტუმროში დაბრუნდა და პრინციპული მატჩის წინ დასვენებასაც მოასწრებს. მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა უკანახაზელმა თად მაკფადენმა, რომელზეც დღევანდელ მატჩი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული:

“ესპანეთთან პრინციპულ მატჩის წინ ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელი გამოგვაკლდა. მოგეხსენებათ, თოკო ვერ ითამაშებს, რაც ძალიან დიდი დანაკლისია. მიუხედავად ამისა, წარმატების შანსი მაინც გვაქვს. მოედანზე უნდა გავიდეთ და საქართველოს ნაკრების მებრძოლი სული უნდა გამოვავლინოთ, რისი წყალობითაც არაერთხელ გვიმარჯვია”.

ილიას ზუროსი და თად მაკფადენი
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო G ჯგუფში თამაშობენ. პირველ ტურში ქართველმა კალათბურთელებმა უკრაინას 88:83 სძლიეს, ესპანეთმა კი ჩრდილოეთ მაკედონიაში 94:65 იმარჯვა. დღესვე ჯგუფში კიდევ ერთი მატჩია: უკრაინა-ჩრდილოეთ მაკედონია.

ესპანურ-ქართული დაპირისპირება ხაენშია დაგეგმილი და ახლადაშენებულ Palacio de Deportes Olivo Arena-ზე თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. ესპანეთში მატჩისადმი დიდი ინტერესია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ თამაშზე დასასწრები 6 ათასივე ბილეთი რეალიზაციაში ჩაშვებიდან მალევე გაიყიდა. ამ თამაშის გამარჯვებული ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდება, შემდეგ ეტაპზე კი, 3 საუკეთესო ნაკრები გადის.

კომენტარები

ბოლო ამბები