Thumbnail

საპატიო დერეფანი და 3:0 ჩემპიონის რანგში - დინამო ბათუმმა სამგურალი დაამარცხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დინამო ბათუმმა საქართველოს ჩემპიონის რანგში ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა.

გია გეგუჩაძის გუნდი სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაჩემპიონდა, მას მერე, რაც მისმა კონკურენტმა დინამო თბილისმა სამტრედიას ვერ მოუგო და ბათუმელებმა პირველი ადგილი უთამაშებლად გაინაღდეს. ამიტომაც, დინამო ბათუმი წყალტუბოში, სამგურალთან უკვე ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა და მეტოქისგან დაფასებაც დაიმსახურა - საჩემპიონო დერეფანი, რაც ცხადია, იმერელთა მხრიდან ლამაზი ჟესტი იყო.

უშუალოდ მატჩს სატურნირო მოტივაცია აღარ ჰქონდა და ამიტომაც იყო, რომ ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე სიახლე ვიხილეთ. უნდა ითქვას ისიც, რომ სამგურალს მიმდინარე სეზონში საქართველოს თასის ფინალი ელოდება და ახლა, გუნდის მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ყურადღება მთლიანად სატიტულე შეხვედრისკენაა მიმართული.

თამაშს ეს ყველაფერი დაეტყო და პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა - მწირი საგოლე მომენტებით. ყველაზე ახლოს გოლთან მატჩის დასაწყისშივე გიორგი ნიქაბაძე იყო, თუმცა მისი დარტყმის მერე სამგურალი ძელმა გადაარჩინა. ანგარიში მე-2 ტაიმში გაიხსნა. შესვენებაზე გეგუჩაძემ ნიქაბაძის ნაცვლად თამაშში დავით ზურაბიანი ჩართო, რომელმაც 49-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა და ბურთთან ჯაბა ჯიღაური მივიდა - ბათუმელთა ლიდერი არ შემცდარა და ანგარიში გახსნა. ეს იყო დინამო ბათუმის პირველი გოლი ჩემპიონის სტატუსით.

ზღვისპირელებმა 84-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდეს. კუთხურის შემდეგ ახლო მანძილიდან გაგი მარგველაშვილმა გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი, ოლეკსანდრ აზაცკიმ დააფიქსირა - უკრაინელმა მცველმა მალხაზ გაგოშიძის პასით გაიტანა და ეს გოლიც კუთხურს მოჰყვა. ამგვარად, გია გეგუჩაძის გუნდმა 74 ქულა დააგროვა, ხოლო სამგურალი 41 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა ჩემპიონთა რანგში პირველი გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს

დინამო ბათუმი ისტორიულ სეზონს 4 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე გორის დილასთან მატჩით დაასრულებს და საჩემპიონო სინსაც ერთგული გულშემატკივრების თვალწინ აღმართავს. სამგურალი იმავე დღეს ქუთაისში ტორპედოს ესტუმრება, მაგრამ სეზონს 8 დეკემბერს, თასის ფინალით, საბურთალოს წინააღმდეგ დაასრულებს.

სამგურალი 0:3 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ჯიღაური (49. პენ), 0:2 მარგველაშვილი (84), 0:3 აზაცკი (88)

სამგურალი (4-2-3-1): მეშველიანი - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, ბურჯანაძე, კალანდარიშვილი - ფონიავა (73. ბუხაიძე), გილმორი - დოლიძე (63. ვერულიძე), ჩიხლაძე (63. ახვლედიანი), კირკიტაძე - კუხიანიძე (46. ამინუ)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - მამუჩაშვილი, მარგველაშვილი, აზაცკი, ჩაბრაძე - ტეიდი (86. გაგოშიძე), მანჯგალაძე - გაფრინდაშვილი (73. ჯოვინო), ზარია (73. აზაროვი, ჯიღაური (58. გროცურეკი) - ნიქაბაძე (46. ზურაბიანი)

კომენტარები

ბოლო ამბები