Thumbnail
  • MMA-ს ყველაზე გავლენიანი მენეჯერი სპორტში ჰენრი სეხუდოს დაბრუნებაზე საუბრობს
  • ალის აზრით, ამ შემთხვევაში, ლეგენდას გიგა ჭიკაძესთან ბრძოლა მოუწევს

ალი აბდელაზიზმა Daily Mail-თან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლებელია ჰენრი სეხუდო MMA-ში დაბრუნდეს და ბრძოლები ნახევრადმსუბუქი (eatherweight) წონის ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან, რეიტინგის პირველ ნომერ მაქს ჰოლოუეისთან და გიგა ჭიკაძესთან გამართოს. 

MMA-ს ფანებმა და უბრალო მოყვარულებმაც კარგად იციან ვინ არის ალი აბდელაზიზი - სპორტის ამ სახეობაში ყველაზე გავლენიანი მენეჯერი, რომელთანაც MMA-ს ათეულობით ჩემპიონს უმუშავია და ახლაც მუშაობს. ალი გიგას მენეჯერიც გახლავთ. 

რაც შეეხება ჰენრი სეხუდოს, ამერიკელი თავისუფალი ჭიდაობისა და MMA-ს ლეგენდაა. ის საბრძოლო ხელოვნებაში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს სპორტსმენად არის აღიარებული. UFC-ის ისტორიაში მეოთხე მებრძოლია, რომელმაც ჩემპიონობა ორ წონით კატეგორიაში მოიპოვა და მხოლოდ მეორეა, ვინც შეძლო და ტიტული ორივე წონაში დაიცვა. ამას გარდა, სეხუდო ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონია, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიპოვა. 34 წლის ჰენრიმ ბოლო ბრძოლა 2020 წლის 9 მაისს გამართა, ჩემპიონის ტიტული დაიცვა და სპორტიდან წავიდა, მაგრამ ახლა დაბრუნებისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ქამრისთვის ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

“სეხუდოს თუ ვოლკანოვსკისთან ბრძოლა უნდა, მოვა და მეტყვის, ამას დეინა უაითი ხელს არ შეუშლის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მგონია, ჰენრი ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს და ამიტომ, ამ საქმეში არ ჩავერევი. დეინასთან დიდი ხანია კარგი ურთიერთობა მაქვს და ტყუილის თქმას არ ვაპირებ. სეხუდო პატივსაცემი ბიჭია, ის მატყუარა არ გახლავთ, მაგრამ ყველა უნდა ჩამოყალიბდეს იმაზე, რისი კეთებაც სურს. მე UFC-ის ხელმძღვანელობასა და ჰენრის პირისპირ უნდა შევხვდე, გავიგო რას აპირებენ. თუ სეხუდო დაბრუნდა და ვოლკანოვსკის მოუგო, შემდეგი ბრძოლის გამართვა მაქს ჰოლოუეისთან მოუწევს, მერე კი - გიგა ჭიკაძესთან,”- თქვა ალი აბდელაზიზმა. 

გიგა ჭიკაძე 16 იანვარს კალვინ კატარს შეხვდება, ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი კი მეტოქეს ელის. წესით მასთან კარიერაში მესამე ბრძოლა მაქს ჰოლუეის უნდა გაემართა, მაგრამ ჰავაელი ავსტრალიელთან ჩხუბისგან, თითქოს თავს იკავებს. ამიტომ, თუ გიგა კატარს დაამარცხებს, არის შანსი, მომდევნო ბრძოლა სატიტულო ჰქონდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები