Thumbnail

დინამო ბათუმი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა. გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩს ორშაბათს გამართავს (წყალტუბოში, სამგურალთან), მაგრამ უკვე საქართველოს ჩემპიონია! დინამო ბათუმი ისტორიულ, პირველ ჩემპიონობას მას შემდეგ ზეიმობს, რაც დინამო თბილისმა აუტსაიდერ სამტრედიასთან ქულები დაკარგა (0:0) და ამით ბათუმელთა გადასწრების თეორიული შანსიც დაკარგა.

შესაბამისად, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი თამაშით ადრე, დინამო ბათუმმა საოცნებო ოქროს მედლები ოფიციალურად გაინაღდა და დღეიდან ბათუმში საჩემპიონო ზეიმი იწყება!

წაიკითხე | დინამო ბათუმი ზეიმობს - მთავარი ფაქტები ჩემპიონებზე

"პოპსპორტი" ბათუმელთა ტრიუმფალური სეზონის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, სანდრო ალთუნაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ჩემპიონი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. ნახევარმცველმა საჩემპიონო ემოციებსა და მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრა. 

...მეორე ჩემპიონობა, ამჯერად ბათუმში: "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ ხალხის გახარება შევძელით. ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გავხდი, როგორც საბურთალოს, ისე დინამო ბათუმის ისტორიაში ეს პირველი ოქროს მედლები იყო. ძალიან ემოციური დღე გვქონდა და სასიამოვნოა, რომ ამ ისტორიის მონაწილე მეც ვარ."

...ჩემპიონობის მოპოვების მთავარ ფაქტორზე: "დინამო ბათუმის ჩემპიონობის მიზეზი ერთიანობა იყო. გულშემატკივირები, ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, კლუბის ხელმძღვანელობა, ყველა ერთი მიზნის ქვეშ მივდიოდით, რაც პირველი ადგილის დაკავებაში ძალიან დაგვეხმარა."

...საჩემპიონო აღნიშვნის მოლოდინები: "ცხოვრებაში აქამდე ბევრჯერ წარმომედგინა, რომ სავსე ტრიბუნების წინ საჩემპიონო თასს აღვმართავდი. ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნო წუთები გველის, რადგან როცა დინამოს ახალ სტადიონზე თასს ავწევთ, ირგვლივ ყველა ბედნიერი იქნება."

ალთუნაშვილი დინამო ბათუმის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია

...გულშემატკივრებზე: "დინამო ბათუმში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და ახალი სტადიონი იყო. სავსე ტრიბუნების წინ პირველი თამაშების ჩატარებისას, უცხო შეგრძნება მქონდა მეც, მეგონა უცხოეთში ვთამაშობდით. ბოლოს შევეჩვიეთ და მაყურებლის მუხტი ძალიან გვეხმარებოდა. ასეთ დროს თამაში უფრო გსიამოვნებს და ათმაგად მოტივირებული ხარ. მსახიობს თეატრში არავინ რომ უყურებდეს, მთელი გულით ვერ ითამაშებს. მგონი, ჩვენ, ფეხბურთელებიც ასე ვართ."

'ვფიქრობ, რომ მიზანი რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში შესვლა იქნება'

...სამომავლო მიზნებზე: "ევროტურნირებზე წლევანდელი გამოსვლიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მიზანი რომელიმე შეჯიბრების ჯგუფში შესვლა იქნება. ვნახეთ, რომ თამაში ყველასთან შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი არ ყოფილა. თან ახლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშებთ და მგონია, რომ იქ ერთი ეტაპის გადალახვით მიზნის მიღწევა წლევანდელთან შედარებით უფრო ადვილი იქნება. და მიმაჩნია, რომ ბათუმის დინამოს ამის ძალა შესწევს. წელს რამდენიმე მოთამაშე ახალმოსულები ვიყავით, შეუთამაშებლობის ფაქტორიც მოქმედებდა და ვფიქრობ, ახლა ერთმანეთის უკეთ გვესმის და ეს მომავალ თამაშებში დაგვეხმარება."

დინამო ბათუმმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე ტიტული მოიპოვა - 1998 წელს თასზე გამარჯვებას, 2021 წელს ჩემპიონატის ოქროს მედლები დაუმატა. ტრიუმფალურ სეზონში ბათუმელებმა ბოლო წლების მთავარ მეტოქე დინამო თბილისს 4-დან 3 მატჩი მოუგეს.

ისტორიულ ჩემპიონობაში ბათუმელ გულშემატკივრებს, "შავი ზღვის პირატებს" უდიდესი წვლილი მიუძღვით, რაც კარგად ჩანს სატურნირო ცხრილიდან: დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე დინამო თბილისზე 5 ქულით მეტი მოიპოვა და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი საჩემპიონო ბრძოლაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ჩემპიონობა აქამდე 9 გუნდს ჰქონდა მოპოვებული, დინამო ბათუმი კი საქართველოს მე-10 ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები