Thumbnail

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერჯიო სკარიოლო მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოსთან მატჩს გამოეხმაურა და თორნიკე შენგელიას ფაქტორს ხაზი განსაკუთრებულად გაუსვა.

“ცხადია, რომ შენგელიას სახით საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს. მან მოსკოვის ცსკა-სთან იმგვარ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც ნაკრებში თამაშის საშუალებას იმ ფონზეც კი იძლევა, როდესაც ფიბა და ევროლიგა მორიგებას ვერ ახერხებენ. ფაქტია, რომ ორშაბათს ისედაც ძალიან მძიმე მატჩი გველოდა, შენგელიას სახით კი, განსაკუთრებული მეტოქე გვეყოლება. ზოგადად, ეს ძალიან რთული საკითხია. ყველაფერი ინდივიდუალურ ურთიერთობებსა და პატრიოტულ გრძნობებამდე დადის. ჩვენს შემთხვევაში, საქმე რთულადაა. რასაკვირველია, მეც გამიხარდებოდა, ევროლიგის მოთამაშეები რომ მყავდეს. სამწუხაროდ, არ გამოდის. მეორეს მხრივ, ეს კარგი შანსია, რათა თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდა კალათბურთელებს მივცეთ”.

ესპანელთა იტალიელმა დამრიგებელმა კომენტარი AS-სთან გააკეთა, რომელმაც შენგელიაზე ბევრი დაწერა და აღნიშნა, რომ თოკოსთვის სანაკრებო ფანჯრებისას თავის გამოჩენა განსაკუთრებული ამბავია.

“შენგელია ლამის პოლიტიკური კონფლიქტის შუაგულში აღმოჩნდა იმ პერიოდში, როდესაც მისი მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შესახენ გახდა ცნობილი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ ამბოხებული ტერიტორიების სამხრეთ ოსეთოსა და აფხაზეთის მხარეს დადგა და ფაქტობრივად, მათ სწორედ ის აკონტროლებს. ამ ფონზე თოკოს ცსკა-ში გადასვლა ბევრმა უარყოფითად შეაფასა და მის პატრიოტიზმში ეჭვიც კი შეიტანეს. სწორედ ამ დროს ჩაიდო მოსკოველებთან კონტრაქტში პუნქტი, რომელიც შენგელიას ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალებას აძლევდა”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის სასტარტო ტურში საქართველოს ნაკრებმა უკრაინას 88:83 სძლია, თორნიკე შენგელიამ კი 32:48 წუთში 16 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველი კალათბურთელები უკვე ესპანეთში იმყოფებიან და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც ორშაბათს, 29 ნოემბერს თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები