Thumbnail

'უფრო ძლიერი დავბრუნდები!' - ნეიმარის პოსტი საშინელი ტრავმის შემდეგ

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • სენტ ეტიენი 1:3 პარი სენ-ჟერმენი
  • მოგება, მესის 3 ასისტი და რამოსის დებიუტი ნეიმარის საშინელმა ტრავმამ გადაფარა
  • ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და ფანებს მიმართა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში პარი სენ-ჟერმენმა სენტ ეტიენი სტუმრად 3:1 დაამარცხა, მაგრამ მატჩის შემდეგ არც ამ გამარჯვებაზე ლაპარაკობს ვინმე, არც ლიონელ მესის 3 საგოლე პასზე და აღარც სერხიო რამოსზე, რომელსაც პარიზულ გრანდში დებიუტი ჰქონდა - მთავარი სალაპარაკო თემა ახლა ნეიმარის მძიმე ტრავმაა!


პსჟ-ს ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა საშინელი ტრავმა მატჩის მიწურულს მიიღო. მას მეტოქე მცველის ვარდნის დროს ფეხი გადაუბრუნდა და მოედნიდან დიდი ტკივილებით, საკაცით გაიყვანეს. ოდნავ მოგვიანებით, ნეიმარმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს: "სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები სპორტსმენის ცხოვრების ნაწილია. თავი მაღლა უნდა ასწიო და გააგრძელო. უფრო უკეთესი და უფრო ძლიერი დავბრუნდები!"

ფრანგული მედია წერს, რომ ნეიმარს დეტალურ გამოკვლევას ორშაბათს ჩაუტარებენ, თუმცა ბრაზილიელის პოსტი და ზოგადად ტრავმის სიმძიმე კარგი პროგნოზის საშუალებას არ იძლევა.

პარიზული გრანდის რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა მადრიდის რეალის ყოფილმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა. ესპანელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. აი, ბარსელონას ყოფილმა კაპიტანმა ლიონელ მესიმ კი 3 საგოლე გადაცემა შეასრულა - ლეომ 2-ჯერ მარიკინიოსს, ხოლო ერთხელ დი მარიას გაატანინა.

პარიზელებმა ლიგა 1-ის განვლილ 15 ტურში 40 ქულა დააგროვეს და ჩემპიონატს უპრობლემოდ ლიდერობენ. პსჟ უახლოეს მდევარ ნიცას 14 ქულით უსწრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები