Thumbnail

ტოჩინოშინმა საშემოდგომო ბაშო 65 კგ-ით მსუბუქ მეტოქესთან მარცხით დაასრულა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძის ბალანსი წლის ბოლო სუპერტურნირზე: 6 მოგება, 9 წაგება
  • ახალი რეიტინგი 24 დეკემბერს გამოქვეყნდება, მომავალი ბაშო 9 იანვარს დაიწყება

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მიმდინარე წლის საშემოდგომო სუპერტურნირი 6 მოგებითა და 9 მარცხით დაასრულა.

დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა სეკიტორმა კიუშუ ბაშოზე დასკვნითი ორთაბრძოლა დასავლეთისვე მე-11 მაეგაშირა ტერუცუიოშისთან ჩაატარა და შიტატეჰინერით წააგო.

ტოჩინოშინი 65 კგ-ით მსუბუქ იაპონელთან ფავორიტად მოიაზრებოდა და თითქოს სასურველი ჩაჭიდებაც მიიღო, თუმცა, ილეთის განხორციელებისას თავად დაეცა.

მართალია, ქართველმა სუმოისტმა ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა და წოდებაში დაქვეითებას ვერ ასცდება, მთავარი ისაა, რომ 6 გამარჯვების წყალობით, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სუპერტურნირი ჩემპიონი მონღოლი იოკოძუნა ტერუნოფუჯი გახდა, რომელმაც ფუკუოკაში 15-ვე ორთაბრძოლა მოიგო. ტერუნოფუჯიმ “იმპერატორის თასი” კარიერაში მეექვსედ დაისაკუთრა.

ცნობისთვის, იაპონიის სუმოს ასოციაცია განახლებულ რეიტინგს (ბანძუკე) 24 დეკემბერს გამოაქვეყნებს, 2022 წლის პირველი ბაშო კი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” 9-23 იანვარს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები