Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველო ნახევარფინალში გავიდა
  • ქართველმა ძიუდოისტებმა ავსტრიასა და საფრანგეთს აჯობეს და თურქეთს შეხვდებიან

რუსეთის ქალაქ უფაში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის წარმატებით გამოდის საქართველოს ნაკრები, რომელმაც ავსტრიასა და საფრანგეთს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირი კაცებსა (-73, -90 და +90 კგ.) და ქალებში (-57, -70 და +70 კგ) წონითი კატეგორიებით დაკომპლექტებული გუნდებით ტარდება. საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც გამოსვლა A ჯგუფში დაიწყო, პირველი დაპირისპირება ავსტრიას უშანსოდ - 4:0 აჯობა. თავ-თავიანთ შეხვედრები ერთმანეთის მიყოლებით ლუკა მაისურაძემ, სოფიო სომხიშვილმა, საბა ინანეიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს.

📺 | ლიპარტელიანის გადამწყვეტი იპონი

მეორე შეხვედაში ქართველი ძიუდოისტები ფრანგებს დაუპირისპირდნენ. სტარტზე სოფიო სომხიშვილი დამარცხდა, რის შემდეგაც საბა ინანეიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ფრიდონ გიგანმა მიყოლებით მოიგეს. ქართულ-ფრანგულ დაპირისპირებაში გადამწყვეტი ბექა ღვინიაშვილის მოგება გახდა, რომელმაც ენიელ კაროლის აჯობა. 

საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან 4:2 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თურქეთს დაუპირისპირდება. თავის მხრივ თურქებმა სტარტზე მასპინძელი რუსეთი დაამარცხეს (4:3), შემდეგ კი საბერძნეთს (4:0) აჯობეს.

ბექა ღვინიაშვილმა საქართველოს საფრანგეთთან მოაგებინა

ტურნირზე ფინალური ბლოკი მოგვიანებით გაიმართება. საქართველო-თურქეთის წყვილში გამარჯვებული ფინალში ნიდერლანდები-ბელარუსის ½-ფინალურ დაპირისპირებაში მოგებულს შეხვდება.

საქართველოს შერეული გუნდი უფაში ასეთი შემადგენლობით გამოდის: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე -73), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე -90) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90), ეთერ ლიპარტელიანი (-57), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე -70), სოფიო სომხიშვილი (+70).

კომენტარები

ბოლო ამბები