Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 118:103 პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი
  • ინდიანა პეისერსი 114:97 ტორონტო რეპტორსი
  • დენვერ ნაგეტსი 109:120 მილუოკი ბაქსი 

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩები გაიმართა. ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო გოლდენ სტეიტ უორიორსმა, რომელმაც შინ პორტლენდი მიიღო და მეტოქეს შანსი არ მისცა. 

გამარჯვებულთა რიგებში კვლავაც შეუჩერებელი იყო სტეფ კარი, რომელმაც თამაში 32 ქულით, 7 მოხსნითა და 8 პასით დაასრულა. მასპინძელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ენდრიუ უიგინსმაც, რომელმაც 25 ქულა მიითვალა, მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი კი დრეიმონდ გრინს ეკუთვნის - 12 ქულა, 12 პასი. პორტლენდში საუკეთესო ანფერნი საიმონსი იყო, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო.

გოლდენ სტეიტი 19 მატჩში 17 მოგებით ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 28 ნოემბერს, სტუმრად ლოს ანჯელეს კლიპერსთან გამართავს. პორტლენდი, 10-10 მოგება-წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.


გამარჯვება იზეიმა გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა, რომელმაც დომანტას საბონისის შედეგიანი თამაშის წყალობით, შინ ტორონტო რეპტორსი დაამარცხა. სამწუხაროდ, 22 წლის ქართველ ცენტრს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია. 

ბრძოლა მატჩის პირველ ნახევარში იყო, დიდი შესვენების შემდეგ კი მასპინძლებს უპირატესობა აღარ დაუთმიათ. ინდიანაში საუკეთესო საბონისი იყო. ლიეტუველმა 23 ქულას 18 მოხსნა დაუმატა. 19 ქულა ჰქონდა კარის ლევერტს, მაილზ ტერნერს კი ორმაგი დუბლი - 17 ქულა, 10 მოხსნა. ტორონტოს ფრედ ვანვლიტის 26 ქულამ ვერ უშველა.

ინდიანა პეისერსს 21 მატჩში 9 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. გოგა ბითაძის გუნდს მომდევნო მატჩის ჩატარება 29 ნოემბერს, ინდიანაპოლისში, სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსთან მოუწევს.


ამ უკანაკსნელმა სტუმრად დენვერ ნაგეტსს აჯობა, სადაც მოედანზე 3:13 წუთით მამუკელაშვილიც გამოჩნდა. ამ მცირე დროში ქართველმა კალათბურთელმა ვერაფერი მოასწრო. 

ბაქსს იანისმა ულიდერა, რომელმაც თამაში ორმაგი დუბლით - 24 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა. ბერძენის აქტივში ასევე 7 პასი იყო. მილუოკის გამარჯვებაში 20 ქულით პეტ კონოტონი დაეხმარა,  დენვერში კი აარონ გორდონი და უილ ბარტონი გამოირჩნენ, რომლებმაც შესაბამისად, 18 და 17 ქულა მიითვალეს და ორმაგ დუბლამდე კი თითო მოხსნა დააკლდათ.

მილუოკი ბაქსი 20 მატჩში 12 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები