Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი მოგებით გახსნა. ილიას ზუროსის შეგირდებმა სასტარტო მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინის ეროვნულ გუნდთან ჩაატარეს და დაძაბულ ბრძოლაში, 88:83 გაიმარჯვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის კითხვებს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ უპასუხეს.

შენგელია მოგებულ მატჩზე: "ქომაგების წინაშე თამაში ძალიან კარგია. ხალხი გვამხნევებდა და ეს ძალიან დაგვეხმარა. მინდა, უკრაინას მივულოცო კარგი თამაში. სამწვრთნელო შტაბმა დიდი სამუშაო გასწია. მინდა, მთელ გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო."

შენგელია ნაკრებზე: "ჩემი მოტივაცია ნაკრებში ჩამოსვლისას იგივეა, როგორც მაშინ, როცა პატარა ვიყავი. ჩემი ოცნება სულ ის იყო, რომ ჩემი ქვეყნისთვის მეთამაშა. სწორედ ამიტომ, ნაკრებში ასი პროცენტით ვიხარჯები. პირველი ოცნება NBA-ში თამაში არ იყო. ეს იყო საქართველოს ნაკრებში მოხვედრა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.''

 შერმადინმა 23 ქულა დააგროვა, შენგელიას კი 16 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა

ილიას ზუროსი მოთამაშეებზე: "თორნიკეს დიდ მადლობას ვუხდი. ეს დიდებული მატჩი იყო ქომაგებისთვის, საკუთარ არენაზე გავიმარჯვეთ. თორნიკემ ყველაფერი გააკეთა ამ მატჩის მოსაგებად. შერმადინმა საოცრად ითამაშა. მას ტრავმა ჰქონდა და ახლა კარგ ფორმაშია. ბევრი მოთამაშე გვაკლდა, ბევრმა კი იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ველოდით."

ზუროსი შესარჩევზე და შენგელიას როლზე: "ვიცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გრძელი გზაა. ეს მარათონია, რომლისთვისაც ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი დახმარებაა ნაკრებისთვის, როცა შენგელიას დონის მოთამაშე გუნდშია. ბევრ კალათბურთელს არ აქვს გამოცდილება ასეთ დონეზე თამაშის და როცა უცხოეთიდან ჩამოდიან ლეგიონერები, ისინი ამ კალათბურთელებსა და მთლიანად გუნდს დიდ მუხტს აძლევენ."

საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა უკვე ორშაბათს, 29 ნოემბერს ელის, როდესაც ესპანეთს სტუმრად დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ სერჯო სკარიოლოს გუნდი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია - ამდენად, ქართველ კალათბურთელებს სერიოზული გამოცდა ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები