Thumbnail

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის წილისყრის შემდეგ ადგილობრივ ტელევიზია RAI2-ს მოკლე ინტერვიუ მისცა და მისი გუნდის ურთულეს გზაზე ისაუბრა. 

“შეიძლებოდა, წილისყრის შედეგად უკეთესი შედეგი დამდგარიყო, მაგრამ რაც არის, ეს არის, - აღნიშნა მანჩინიმ, - ცხადია, ფინალში თამაშამდე ჩვენ და პორტუგალიამ ჩრდილოეთ მაკედონიასა და თურქეთს უნდა ვძლიოთ. ასეთ უმნიშვნელოვანეს მატჩებს კი სირთულეები მუდამ თან ახლავს. მაგრამ საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და პოზიტიური განწყობა შევიქმნათ, განსაკუთრებით რთულ მომენტებში."

იტალიელთა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ გაიხსენა შესარჩევი და პორტუგალიასთან შესაძლო ფინალზე დეტალურად საუბარს თავი აარიდა: "საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან კარგად ვითამაშეთ, შვეიცარიის წინააღმდეგაც დავიმსახურეთ გამარჯვება, მაგრამ მუნდიალზე გასასვლელად ჯერ კიდევ ვიბრძვით. ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ურთულესი მატჩის გამართვა მოგვიწევს, ფინალზე მერე ვისაუბროთ. როგორც ჩვენ არ ვისურვებდით მათთან შეხვედრას, ისე არც პორტუგალიელებს გაუხარდებოდათ ჩვენთან თამაში. დიდი შანსია, რომ ფინალში სწორედ ჩვენ ვითამაშოთ." 

"ჟოაუ პედრუ ბრწყინვალე ფორვარდია, იტალიურ ფეხბურთსაც იცნობს, მაგრამ მისი საკითხი ახალია. ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს და არ დავივიწყოთ ის, რაც ბიჭებმა 4 თვის წინ გააკეთეს. მთავარია, ფეხბურთელები მწყობრში იყვნენ. პენალტს ვინ დაარტყამს? იმედი მაქვს დაგვინიშნავენ,"- ციტირებს მანჩინის Tuttomercato.

იტალიის ნაკრები პლეი-ოფის შეხვედრას მაკედონიის წინააღმდეგ 24 მარტს, საშინაო არენაზე გამართავს. ფინალში გასვლის შემთხვევაში კი გასვლაზე პორტუგალიასა და თურქეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები