Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი მოგებით გახსნა. ილიას ზუროსის შეგირდებმა სასტარტო მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინის ეროვნულ გუნდთან ჩაატარეს და დაძაბულ ბრძოლაში, 88:83 გაიმარჯვეს. 

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი თად მაკფადენი გახდა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა (27 ქულა, 9 პასი), გიორგი შერმადინმა 23 ქულა მიითვალა, თორნიკე შენგელიამ კი 16 ქულას 13 მოხსნა წაამატა და გადამწყვეტ მომენტებში კაპიტნის სიტყვაც თქვა. აუცილებლად უნდა აღიშნოს საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცის მოქმედებაც. ზუროსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მწვრთნელია.

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურებოდა: თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი. პირველი წუთიდან მოედანზე ჯერომ რენდლი, ვიაჩესლავ პეტროვი, ოლეკსანდრ ლიპოვი, არტიომ პუსტოვოი პუსტოვოი და ბოგდან ბლიზნიუკი გაიყვანა უკრაინელთა ლატვიელმა დამრიგებელმა აინარს ბაგატსკისმა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩის პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის ბენეფისად იქცა. თად მაკფადენმა 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ საწყისი ათწუთეული 28:24 მოვიგეთ. ამ ფონზე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელებმა ერთბაშად 8 საჯარიმო ისროლეს და ყველა გამოიყენეს. საერთოდაც, პირველ მეოთხედში გუნდებს შეტევაში თამაში უფრო გამოსდიოდათ, ვიდრე – დაცვაში და ეს, ანგარიშშიც გამოისახა.

სამწუხაროდ, მე-2 მეოთხედის უმეტესი ნაწილი საქართველოს ნაკრებმა ამ მხრივ ვერაფერი გამოასწორა. უკრაინელების ქულების აღებას იოლად ახერხებდნენ, ამასთან, მასპინძლებს ოპციების მოძიება შეტევაშიც უჭირდათ. ცუდი ეპიზოდი მოხდა მეოთხედის შუაწელს, როდესაც მოედანზე დახტომისას ფეხი იტკინა თორნიკე შენგელიამ. მოგეხსენებათ, მოსკოვის ცსკა-ს ქართველ ფორვარდს გუშინ ევროლიგაში  ჰქონდა თამაში, დღეს კი, მოედანზე ეროვნული ნაკრების დასახმარებლად გავიდა და ცხადია, მცირე დაღლილობაც ეტყობოდა. თოკო საწყის ნახევარში მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

ამასობაში, ქართველი კალათბურთელები მეტოქეს 36:43 ჩამორჩნენ და საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქულების აღება ისევ მაკფადენმა მოახერხა, რომელზეც მორიგი სამქულიანი სროლის დროს დაჯარიმდნენ. იქვე თადმა კიდევ ერთი შორეული ტყორცნა ჩააგდო და პირველივე ტაიმში 20 ქულას უწია, უკრაინელთა კიდევ ერთ გაცუდებულ იერიშს კი, მასპინძელთა სწრაფი გარღვევა მოჰყვა, მაკფადენმა მარტო მყოფი მიხეილ ბერიშვილის მოსძებნა და ამ უკანასკნელს ფარქვეშიდან ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია – 43:43. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგანაც უკრაინას სოლიდური ანგარიშით დაწინაურების საშუალება არ მივეცით. პირველი ნახევარი ზუროსის მიერ დახაზული ჩინებული კომბინაციით დაგვირგვინდა, რომელშიც მონაწილეობა თად მაკფადენმა და გიორგი შერმადინმა მიიღეს და ბურჯანაძემ იოლი 2 ქულა მიითვალა – 45:46.

შესვენების შემდეგ მთავარი კარგი ამბავი ის იყო, რომ თოკოს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის მოედანზე დაბრუნდა. მე-3 მეოთხედში თამაშიდან ზედიზედ 3 ბურთი ჩააგდო გიორგი შერმადინმა და ეს წინ გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა, თუმცა, ამას უკრაინელთა მორიგი გაქცევა მოჰყვა – 53:59. ლენოვო ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა კიდევ ერთი ტყორცნა გამოიყენა, ამას შენგელიას მიერ ფარიდან ფარამდე იერიში და ეფექტური სლემ-დანქი მოჰყვა, ანგარიში კი თად მაკფადენმა გაათანაბრა, რომელმაც სწრაფი იერიში დააგვირგვინა. ბაგატსკისის წუთშესვენების შემდეგ, მაკფადენმა კიდევ 1 სამქულიანი ჩააგდო, თუმცა, 2 საჯარიმო გაუცუდდა... დასკვნითი მეოთხედის წინ ლიდერის რანგში ისევ უკრაინა იყო – 64:66.

ბოლო მეოთხედში თამაში ძირითადად ქულა-ქულაში წავიდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მატჩში მაგრად ჩაერთვნენ კახა ჯინჭარაძე და გივი ბაქრაძე, თამაში საკუთარ თავზე აიღეს შერმადინმა და შენგელიამ და მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, საქართველოს ნაკრები 84:78 დაწინაურდა. ამით, მასპინძლები გამარჯვებას ძალიან მიუახლოვდნენ. ამ დროს გაიბწრყინა შენგელიამ, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ქულები მიითვალა. თოკომ ბოლო ბურთი 8 წამით ადრე ჩააგდო, როდესაც საქართველო 88:82 დააწინაურდა და მატჩის ბედიც გადაწყდა. შეხვედრა 88:83 დასრულდა და შეიძლება ითქვას, რომ ზუროსის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა უკვე ორშაბათს, 29 ნოემბერს ელის, როდესაც ხაენში ესპანეთს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ სერჯიო სკარიოლოს გუნდი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, ამდენად, ქართველ კალათბურთელებს სერიოზული გამოცდა ელით.

ესპანეთი სასტარტო მატჩს დღეს გვიან ღამით (თბილისის დროით 22:30 საათზე) სკოპიეში ჩაატარებს, სადაც მეტოქედ ჩრდილოეთ მაკედონია ეყოლება. 29-ში G ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრაა: უკრაინა მაკედონიელებს დაუხვდება. შეგახსენებთ, რომ მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები