Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნის აქციონერთა კრება სკანდალური გამოვიდა
  • რეკორდმაისტერის პრეზიდენტს უსტვინეს და მის გადადგომას ითხოვენ
  • დირექტორთა საბჭოს ბოსმა ოლივერ კანმა კიმიხი აქო, კატარზე კი არაფერი თქვა
  • ბაიერნის ფანების ნაწილი Qatar Airways-თან კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს

მიუნხენის ბაიერნის აქციონერთა ყოველწლიური, შემაჯამებელი კრება ასეთი ხმაურიანი და დაძაბული არასდროს ყოფილა! ბოლოს, აქციონერები რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს დაუპირისპირდნენ - პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერს უსტვინეს, უყვირეს და მის გადადგომას ხმამაღალი შეძახილებით მოითხოვდნენ. ყურადღების ცენტრში იყო ბაიერნის ერთი აქციონერი ფანი, მიხაელ ოტი, რომელიც Qatar Airways-თან სასპონსორო კონტრაქტის გაწყვეტის ინიციატორია. მას მიუნხენური გრანდის ძალიან ბევრი ქომაგი ეთანხმება.

პროტესტი კატარელების წინააღმდეგ

არადა, ბაიერნის აქციონერთა შემაჯამებელი კრება თავიდან ჰარმონიულად დაიწყო. მერე და მერე, კრიტიკამ ნელ-ნელა იმატა და ბოლოს პიკს მიაღწია. დღის წესრიგის მე-9 პუნქტზე რომ მიდგა საქმე, მთავარი დაძაბულობა მერე დაიწყო. ამ დროს წევრების გარკვეული განაცხადების განხილვა იწყება ხოლმე. ზემოთ ხსენებულმა ფანმა მიხაელ ოტმა თავისი განაცხადი წარადგინა - უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ის ბაიერნისა და Qatar Airways-ის სასპონსორო თანამშრომლობას აპროტესტებს და კატარელებთან კონტრაქტის გაგრძელების წინააღმდეგია. ამ დროში მას რეკორდმაისტერის ფანებში ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. კლუბის პრეზიდიუმმა მისი განაცხადი უარყო. ოფიციალური მიზეზი: კრებას კორონაშეზღუდვების გამო მხოლოდ 780 წევრი ესწრებოდა (სულ წევრების რაოდენობა 290 000-ია) და ასეთი მცირე რაოდენობის წინაშე ამ საკითხის განხილვა სამართლიან შედეგს არ გამოიღებდა.

“თქვენ შეგიძლიათ, სასამართლოს მიმართოთ იმისათვის, რომ ამ განაცხადს დღეს არ განვიხილავთ,” - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა, რასაც დარბაზში სტვენა და საპროტესტო ხმაური მოჰყვა.

მიხაელ ოტმა განაცხადი მეორედაც წარადგინა (ამის უფლება ჰქონდა), რომლის მიხედვითაც, ის წესის შეცვლას ითხოვდა - იმისათვის, რომ ინვესტორებმა სააქციო საზოგადოება ”ბაიერნ მიუნხენზე” ზედმეტი გავლენა არ მოიპოვონ (75 პროცენტის შენარჩუნება, 70-ის ნაცვლად). 

ბაიერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ოლივერ კანს ამაზე ასეთი პასუხი ჰქონდა: “ჩვენ გვჭირდება ეს 5-პროცენტიანი შესაძლებლობა. არც კი ვფიქრობთ ამ 5 პროცენტის გასხვისებაზე, ინვესტორებს არ ვეძებთ. მაგრამ ამ 5 პროცენტის გასხვისების შესაძლებლობა საჭიროა. თუ ოდესმე ამ ნაბიჯის გადადგმა დავაპირეთ, მას სტრატეგიული პარტნიორები მიიღებენ, რომლებიც კლუბს წინ წაწევენ.” ოტის ამ მეორე ინიციატივას კენჭი მაინც უყარეს, მაგრამ ხმების ორი მესამედი ვერ მიიღო, რითაც მისი მეორე განაცხადიც უარყოფილი იქნა. დარბაზში ამ ფაქტსაც დიდი ხმაური მოჰყვა.

ყველაზე ცუდი კრება ისტორიაში

კრება პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა დახურა. პროტესტი და ხმაური არ შეწყვეტილა. აქციონერებმა სიმღერა დაიწყეს: “ჩვენ ბაიერნი ვართ და თქვენ - არა! ჩვენ ვართ ფანები, რომლებიც თქვენ არ გსურთ.” სულ ბოლოს კი, ამ სიტყვების სკანდირებაზე გადავიდნენ: “Heiner raus” (ჰაინერი წავიდეს).

რეკორდმაისტერის საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომელიც პირველ რიგში, სტუმრის რანგში იჯდა, დარბაზში მიმდინარე პროცესებს შოკირებული აკვირდებოდა, მერე კი “კიკერს” უთხრა: “ჯერ კარგად უნდა გამოვიძინო. ეს იყო ყველაზე ცუდი ყოველწლიური კრება მათ შორის, რაც მიუნხენის ბაიერნში ოდესმე მინახავს.”

რატომ ეწინააღმდეგება ფანების დიდი ნაწილი Qatar Airways-თან კონტრაქტის გაგრძელებას? მიზეზი კატარში ადამიანების უფლებების მუდმივი დარღვევაა. წლებია, კატარს ამის გამო ყველა აკრიტიკებს. ახლახან, ბაიერნის ქომაგებმა სტადიონზე კატარელების წინააღმდეგ პროტესტს სპეციალური ბანერიც მიუძღვნეს.

'ფულისთვის ყველაფერს გავრეცხავთ' - ბაიერნის ფანების ბანერი

...და რაზე ისაუბრა ოლივერ კანმა? აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი მოხსენება იყო ბაიერნის CEO-ს რანგში. საინტერესოა ისიც, რომ ფეხბურთელებიდან კრებაზე მხოლოდ ლეროი სანე იყო, რომელიც ერთ საათში წავიდა. კრებას ასევე ესწრებოდა მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანიც. კარლ-ჰაინც რუმენიგე ბოლო მომენტში არ გამოცხადდა - ოფიციალური განმარტებით, კორონა-სიტუაციის გამო მისი კრებაზე ყოფნა ზედმეტად სარისკო იყო.

კანმა კიმიხი დაიცვა

ოლივერ კანი (ბაიერნის CEO) კიმიხზე და ფეხბურთელების აცრაზე: “იმისათვის, რომ ეს კოშმარი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს და ცუდ მოგონებად გადაიქცეს, საუკეთესო საშუალება აცრაა. ამ მიდგომით ყოველდღე დიდ საქმეს ვაკეთებთ. იოზუა კიმიხი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენი გუნდისთვის, მთლიანად კლუბისთვის და გერმანული ფეხბურთისთვის ყველაფერს აკეთებს. კორონავირუსი მსოფლიოში ბევრ ადამიანს უშლის ხელს ვაქცინაციაზე გადაწყვეტილებების მიღებაში. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ შეიძლება, რომ მათ შორის ფეხბურთელიც იყოს. სამწუხაროდ, კიმიხი ახლა კორონავირუსით დაინფიცირდა. საბედნიეროდ, კარგად არის. იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდება.”

რაც შეეხება კატარელებთან კონტრაქტის საკითხს, კანს ამაზე არაფერი უთქვამს, ერთი სიტყვაც კი! როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა მაიერმა ირონიულად იკითხა, “აუდის” (ბაიერნის გენერალური სპონსორი) წინააღმდეგაც ხომ არ გსურთ გამოსვლა, ან იქნებ ის გინდათ, რომ ლურჯ-თეთრი ფორმებით (მიუნხენ 1860-ის ფერები) ვითამაშოთო, დარბაზში ამ სიტყვებსაც ემოციური აფეთქება მოჰყვა. ერთ-ერთმა ქალმა გულშემატკივარმა დაიყვირა: “პრობლემა ის არის, რომ თქვენთვის ადამიანის უფლებები სულერთია!” - მის ამ შეძახილს დარბაზში ხანგრძლივი ტაში მოჰყვა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ტაში ერთხელ ოლივერ კანსაც დაუკრეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ოლიმ კომენტარი ევროპის სუპერლიგაზე გააკეთა. კანი: “სუპერლიგა დასასრული იქნებოდა ისეთი ფეხბურთის, რომელსაც ვიცნობთ და გვიყვარს.”

ალბათ, კანის სწორედ ეს სიტყვები გახდებოდა ბაიერნის აქციონერთა შემაჯამებელი კრების მთავარი თემა, რომ არა პროტესტი კატარელების წინააღმდეგ...

კომენტარები

ბოლო ამბები