Thumbnail

ევროლიგის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში დაძაბულ ბრძოლაში მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა - 77:74. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 30:42 წუთი ითამაშა და გუნდს 12 ქულა შესძინა. თორნიკეს ანგარიშზეა 5 მოხსნა და 4 პასიც (ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესო ცსკა-ში). შენგელიამ 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო და ბურთიც სამჯერ დაკარგა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო 17, ვილ კლაიბერნის (22) მერე ყველაზე მეტი ცსკა-ში.

თამაშის შემდეგ შენგელია ჩარტერული რეისით მოსკოვიდან თბილისში მოემგზავრება, რათა სანაკრებო მატჩს ჩამოუსწროს. შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ილიას ზუროსის თავკაცობით უკრაინას მასპინძლობს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში. 

ცსკა-ს 12-დან 7 გამარჯვება აქვს და ევროლიგის პლეი ოფის ზონაშია. ბარსელონასთან მარცხის შემდეგ რუსულმა კლუბმა ზედიზედ ორჯერ მოიგო, ჯერ შენგელიას ყოფილ გუნდ ბასკონიასთან სტუმრად და ახლა შინ ბაიერნთან. ბაიერნს 12-დან 5 მოგება აქვს. 2 დეკემბერს ცსკა ერთ-ერთ აუტსაიდერს, პანათინაიკოსს მასპინძლობს.  

კომენტარები

ბოლო ამბები