Thumbnail

უკრაინის კალათბურთელთა ნაკრები თბილისს სტუმრობს, სადაც 26 ნოემბერს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. 

უკრაინელთა გუნდის ფორვარდმა ვიაჩესლავ პეტროვმა გამომგზავრების წინ ადგილობრივ მედიასთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ილიას ზუროსის გუნდის ლიდერებს, თორნიკე შენგელიას და გიორგი შერმადინის შეჩერებას შეძლებენ. ცნობისთვის,  აინარს ბაგატსკისის გუნდს თბილისში თამაშის შემდეგ შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირება (29 ნოემბერს) უწევს.

"საინტერესო მატჩების მოლოდინი გვაქვს, რომლებიც გულშემატკივრებს მოეწონება და რაც მთავარია, სასურველ შედეგს მოგვიტანს. მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. მიმაჩნია, რომ შეგვწევს ძალა დავამარცხოთ საქართველოც და ჩრდილოეთ მაკედონიაც. თუკი ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, ყველაფერი გამოვა. შესარჩევის სტარტს მაქსიმალურად პასუხისმგებლიანად ვეკიდებით. 

უკრაინის ნაკრები თბილისში გამომგზავრების წინ

რა თქმა უნდა, ამ კალათბურთელებს (საუბარია გიორგი შერმადინსა და თორნიკე შენგელიაზე) ყველა იცნობს. თუმცა, ჩვენ მთელი გუნდის თამაშს გავარჩევთ, შევისწავლით მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეებს. ასეთი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ ამავდროულად, საინტერესოცაა. შეუძლებელი არაფერია. მგონია, რომ შეგვიძლია საქართველოს ნაკრების ლიდერების "დაკეტვა". 

დაცვაში აგრესიულად თამაში ყოველთვის საჭიროა, მაგრამ გვესმის ისიც, რომ გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდთან მოგვიწევს თამაში. მათ იციან, რა უნდა დაუპირისპირონ აგრესიულად თამაშს. აუცილებელია, მაქსიმალურად ზედმიწევნით შევასრულოთ მწვრთნელის მითითებები და რაც უნდა მოხდეს, ერთიანობა არ დავკარგოთ", - აცხადებს კალათბურთელი, რომელიც უკრაინული პრომეტეის ღირსებას იცავს.

უკრაინელებს გიორგი შერმადინის შეჩერება სურთ 
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს და უკრაინის ნაკრებები მსოფლიო  2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე G ჯგუფში გამოდიან, სადაც მეტოქეებად ასევე ჰყავთ ესპანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. ილიას ზუროსის გუნდი უკრაინასთან მატჩის შემდეგ, გასვლაზე ესპანეთს შეხვდება - 29 ნოემბერს.

კომენტარები

ბოლო ამბები