Thumbnail

ხმა მიეცით ქართველ ძიუდოისტებს - IJF-მა წლის საუკეთესოების გამოვლენა დაიწყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) საგანგებო გამოკითხვა დაიწყო, რომლის მიზანიც სხვადასხვა ნომინაციებში 2021 წლის საუკეთესოების გამოვლენაა.

სასიხარულოა, რომ ნომინანტთა შორის საქართველოს ნაკრების 2 წევრიცაა: წლის საუკეთესო კაცი ძიუდოისტის ტიტულისთვის ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) იბრძოლებს, ხოლო ამომავალი ვარსკვლავისთვის განკუთვნილი ჯილდოს მოპოვებას ილია სულამანიძე (100 კგ.) ეცდება.

ქართველი ძიუდოისტებისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი სოციალური ქსელების დახმარებით. გამოკითხვა 10 დეკემბრამდე გასტანს, საუკეთესოთა ვინობას კი 18 დეკემბერს შევიტყობთ.

შეგახსენებთ, რომ შავდათუაშვილისთვის მიმდინარე წელი ძალიან წარმატებული გამოდგა. ლაშამ უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამას კი თბილისის გრანდ სლემზე აღებული ბრინჯაო დაემატა. ახლა შავდათუაშვილი აბუ დაბიში იმყოფება და 27 ნოემბერს ძალებს ადგილობრივ გრანდ სლემზე სცდის.

ნაყოფიერი წელი ჰქონდა სულამანიძესაც, რომელმაც ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე. ილია მე-2 იყო თბილისის გრანდ სლემზე, ბრინჯაო აიღო თელ ავივის გრანდ სლემზე და ასევე მე-3 გახლდათ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე.

სხვა ნომინაციები, სადაც ქართველი ძიუდოისტები არ ფიგურირებენ, ასე გამოიყურება: საუკეთესო იპონი, საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო ქალი ძიუდოისტი და წლის მოვლენა.

კომენტარები

ბოლო ამბები