Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების კომენტარები მალტასთან მოგების შემდეგ
  • გურამ კაშიამ, ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი ბერიძემ თამაში შეაფასეს

სფფ-ის პრესსამსახურის ფოტოები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ავსტრიაში, მალტასთან ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა შეაფასეს.

ვლადიმირ ვაისის გუნდს, რომელმაც თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ჩაატარა, გამარჯვება გურამ კაშიამ მატჩის მიწურულს გატანილი 11-მეტრიანით მოუტანა. პენალტი კი 89-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის წაქცევისთვის დაინიშნა.

► ნულზე მოგების სერია გრძელდება | საქართველოს ნაკრებმა მალტას კაცნაკლულმაც მოუგო

► ვლადიმირ ვაისი: კიტეიშვილმა გამახარა, ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “როდესაც ათი კაცის შემადგენლობით დავრჩით მოედანზე, გავირთულეთ მდგომარეობა. რაც შეეხება პირველ ტაიმს, ძალიან დადებითად შევაფასებ, მითუმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშს, რომლებსაც დღეს შანსი მიეცა. 

ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია, რადგან გუნდურობით იქმნება ასეთი მომენტები. მსგავსი თამაშები ძალიან კარგი გამოცდილებაა ახალგაზრდებისთვის, რადგან სადებიუტო თამაშებს ყოველთვის ახლავს ემოცია. 

კარგია, რომ ათი კაცითაც შევძელით გამარჯვება. დავიმსახურეთ ეს მოგება, მაგრამ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და უფრო თავდაჯერებულად მოგვეგო. 

ბოლო თამაშებს პოზიტიურად შევაფასებ. არც ერთი გოლი არ გაგვიშვია და ზედიზედ სამი თამაში მოვიგეთ. ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ. მწვრთნელიც კმაყოფილია, ფეხბურთელებიც. შეიძლება დღევანდელი თამაშის ხარისხი უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მოვიგეთ და ეს არის ყველაზე მთავარი. მითუმეტეს, სეზონის ბოლოს არ არის იოლი სანაკრებო თამაშები, თან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და ესეც გასათვალისწინებელია”, - აქვეყნებს ნაკრების კაპიტნის ნათქვამს სფფ-ის პრესსამსახური.

საქართველოს ნაკრებმა წელს სამივე მატჩი ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია

ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი): “პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, მინიმუმ ორ გოლს გავიტანდით. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ფეხბურთელის გაძევებამ თამაშზე გავლენა იქონია. 

კარგია დღევანდელი მატჩის მოგება და ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გამარჯვებაში წვლილი შეგაქვს. ამ შეკრებაზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია ჩემი ჩათვლით და ეს არის რეალური შანსი, რომ გამოვიყენოთ შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, პროგრესი, რომ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდროთ".

გიორგი ბერიძე (საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი): “გახარებული ვარ, რომ ჩემი დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში. რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში შეგვეძლო ყველაფერი დაგვესრულებინა, რადგან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმში კაცნაკლული ვთამაშობდით და უფრო გართულდა თამაში, მაგრამ მთავარია, მივაღწიეთ შედეგს და მოვიგეთ”.

საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან ლუქსემბურგში 3 ივნისს გადაინაცვლებს, სადაც 5 ივნისს ამხანაგურ მატჩს მასპინძელთა ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 სთ-ზე დაიწყება.

მომავალი თამაშისთვის ნაკრებს ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური და ოთარ კაკაბაძე შეურთდებიან. ტრავმების გამო ნაკრებს ნიკა კვეკვესკირი და ბაჩანა არაბული ვერ დაეხმარებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები