Thumbnail
  • 📅 26 ნოემბერი | ⌚ 19:00 | 🏀 საქართველო V უკრაინა | 📺 პირველი არხი
  • ილიას ზუროსის ნაკრებს ევრობასკეტზე მწარე მარცხისთვის რევანში მართებს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლს იწყებს და ეცდება, აღნიშნულ ტურნირზე ისტორიაში პირველად გავიდეს.

ილიას ზუროსის შეგირდები წილისყრის შედეგად G ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად მსოფლიოს მოქმედი ოქროსმედალოსანი ესპანეთი და ჩრდილოეთ მაკედონიაც ეყოლებათ. 26 ნოემბერს კვალიფიკაციის პირველი ტურია: საქართველო უკრაინას უმასპინძლებს, ესპანეთი კი მაკედონიელებს ესტუმრება.

საქართველოს ნაკრებმა პრინციპული თამაშისთვის მზადება 20 ნოემბერს დაიწყო და ჯერაც არაა სრული შემადგენლობით, რისი მიზეზიც ევროლიგასა და ფიბას შორის ვერშეთანხმებული კალენდარია. ამ მიზეზით, ეროვნული გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას დღეს მოსკოვის ცსკა-ს მაისურით მიუნხენის ბაიერნთან თამაში მოუწევს, ღამით კი საქართველოში ჩარტერეული რეისით წამოვა და ნაკრებს შეუერთდება.

სხვა მხრივ, ნაკრების შემადგენლობა ისეთია, როგორსაც ველოდით. უკრაინასთან სათამაშოდ ემზადებიან გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენიც, რომლებიც შენგელიასთან ერთად მთავარი დამრტყმელი ძალა იქნებიან. ტრადიციულად, სეზონის მიმდინარეობისას ნაკრებს ვერ ეხმარებიან აშშ-ში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები. ამდენად, საქმეში კვლავ ვერ ვიხილავთ გოგა ბითაძეს, სანდრო მამუკელაშვილსა და რატი ანდრონიკაშვილს. შეკრებაზე არ არიან გიორგი ცინცაძე (ტრავმა) და დუდა სანაძეც (პოსტ-კოვიდური გართულება), ამდენად, დანაკლისი საგრძნობია.

სხვა საქმეა, რომ დიდი ძალა აკლია მეტოქესაც, რომელიც საქართველოში დღეს 13 კალათბურთელის შემადგენლობით ჩამოვიდა. აღნიშნული მიზეზის გამო, ნაკრებში არ არიან NBA-ში მოთამაშე ალექს ლენი და სვიატოსლავ მიხაილიუკი. კარიერა დაასრულა უკრაინელთა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კალათბურთელა სერგეი გლადირმა, ფორმაში არაა ალეკსანდრ მიშულა, ვიაჩესლავ ბობროვი კი ზედ სანაკრებო ფანჯრის წინ დაშავდა. უკრაინელთა მწვრთნელ აინარს ბაგატსკისთვისთვის ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ეს ბოლო ამბავი იყო.

ილიას ზუროსის გუნდს მძიმე დაპირისპირება ელის
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ბობროვის გამოკლების შემდეგ, უკრაინელებს ფაქტობრივად მაღალი დონის ფორვარდი აღარ შერჩათ, რომელიც თორნიკე შენგელიას რაღაც დონეზე შეჩერებას მაინც მოახერხებს. აღნიშნულის გამო, ლატვიელმა სპეციალისტმა სასწრაფო წესით ნატურალიზებულ ამერიკელ ჯერომ რენდლს უხმო, რომელიც სულ სხვა პოზიციაზე, კონკრეტულად კი გამთამაშებლად ირჯება, თუმცა, მეტოქისთვის სარგებელის მოტანა ნამდვილად შეუძლია. 34 წლის მცველი უკრაინის ნაკრებისთვის ახალი სახე სულაც არაა. მან ევროპული ქვეყნის მაისურით უკვე ითამაშა ევრობასკეტი 2015-ზე, სადაც საშუალოდ 13.2 ქულა, 2.0 მოხსნა და 4.4 პასი ჰქონდა. ჯერომმა ასევე მონაწილეობა მიიღო მომავალი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “სამწუხაროდ, ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება. ვერ დაგვეხმარებიან დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე. იმედია, ისინი მალე მომჯობინდებიან და ჩვენთან ერთად იქნებიან. რთული თამაშები გველის, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმუმი მივიღოთ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ხომ ამ 2 მატჩით არ სრულდება. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორივე მოახლოებული შეხვედრის მოგება გვჭირდება. სასიხარულოა, რომ უკრაინასთან მატჩს მაყურებელი დაესწრება და გვიქომაგებს. მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება, ეს, საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება”.

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “სამწუხაროდ, უკრაინასთან ბოლო მატჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა, წავაგეთ. მათ მართლაც კარგი ნაკრები ჰყავთ. მაღალი ბიჭებიც არ აკლიათ. პუსტოვოი, რომელიც გრან კანარიაში თამაშობს, ჩემზე მაღალია. მათთან მატჩისთვის თოკოც შემოგვიერთდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ”.

გიორგი შერმადინი ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

აინარს ბაგატსკისი (უკრაინის ნაკრების მწვრთნელი): “ახლა ყველა ფიქრი საქართველოსკენაა. ერთ დროს იქ ვმუშაობდი. ამბობენ, რომ მათ რიგებში ვიღაც იქნება, ვიღაც – არა. მე არავის ვუსმენ. მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, როდესაც თამაშის წინ კალათბურთელებს შევხედავ. შერმადინთან და შენგელიასთან ერთად საქართველოს ნაკრები სხვა გუნდია, თუნდაც ერთ-ერთი მათგანის გარეშე – სულ სხვა. ვცდილობთ, მოვემზადოთ როგორც მათ წინააღმდეგ, ისე მათ გარეშე გუნდთან თამაშისთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელია ოთხ გუნდურ ვარჯიშზე. უკვე ვიცი, საქართველოს ნაკრებთან სასტარტო ხუთეულში ვინ ითამაშებს. როდესაც მეტოქის განაცხადს ვნახავთ, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. ამ დროისთვის გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა, ჯერ ვერ გეტყვით”.

არტიომ პუსტოვოი (უკრაინის ნაკრების კალათბურთელი): “ნამდვილად ვერ დაგპირდებით, რომ საქართველოსთან უეჭველი მოვიგებთ, უბრალოდ, მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. საქართველოს ნაკრებთან 2017 წლის ევრობასკეტზე მითამაშია და მაშინ მოვიგეთ. იმედია, ახლაც ასე იქნება. საკმაოდ სერიოზული გუნდი ჰყავთ, ძლიერი კალათბურთელებით. გასულ უქმეებზე საკლუბო დონეზე გიორგი შერმადინთან მომიწია დაპირისპირება. დიდებული მატჩი ჰქონდა, თამაშში გარდატეხა შეიტანა და მოიგეს კიდეც. ესპანეთის ჩემპიონატიდან მას კარგად ვიცნობ და გიორგის ძლიერი მხარეებიც ვიცი. ვეცდები, ფარქვეშ მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიო. შენგელიას წინა დღეს ევროლიგის თამაში ელის და ეს, ძალიან რთული იქნება. მოსკოვის ცსკა-ში დიდი როლი აკისრია, სავარაუდოდ, ბევრ წუთს ითამაშებს, შემდეგ კი საქართველოში უნდა გაემგზავროს... ძალიან გაუჭირდება. მეორეს მხრივ, არ ვიცით, თორნიკე საქართველოს ნაკრებში რა ხასიათზე ჩავა. შესაძლოა, ეიფორიაშიც კი იყოს, რაც მას დამატებით ძალებს მისცემს”.

უკრაინის ნაკრები საქართველოში გამომგზავრების წინ

შერმადინმა და პუსტოვოიმ ევრობასკეტი 2017-ის მატჩი (81:88) ახსენეს, რომელიც უკრაინელებმა მოიგეს, არადა, მანამდე ჩატარებულ სამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მაქსიმალური შედეგი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე 69:53 იმარჯვეს, შემდეგ კი 2 ამხანაგური თამაშიც მოიგეს – 95:69 და 73:69. ილიას ზუროსის შეგირდებს ბოლო მატჩი მწარედ უნდა ახსოვდეთ, რადგანაც მეტწილად ამ თამაშში მარცხი გამო, ევრობასკეტის პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხეს.

ისრაელში გამართულ მატჩში ქართველთაგან საუკეთესოები ზაზა ფაჩულია (17 ქულა), შერმადინი (17 ქულა), შენგელია (16), დუდა სანაძე (11) და მანუჩარ მარკოიშვილი (11) იყვნენ, უკრაინელებს კი პუსტოვოიმ (19), დენის ლუკაშოვმა (17), ოლეკსანდრ ლიპოვიმ (17) და ბობროვმა (13) ულიდერეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისში საქართველოს ნაკრების საშინაო შეხვედრას მაყურებელი 2-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. მატჩს სპორტის სასახლის საერთო ტევადობის 30 პროცენტი დაესწრება. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

საქართველოს ნაკრები

მცველები: თად მაკფადენი (მურსია, ესპანეთი), ლუკა მაზიაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი), გივი ბაქრაძე (ოლიმპი), ოთარ ფხაკაძე (ქუთაისი).

ფორვარდები: კახა ჯინჭარაძე (ოლიმპი), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), გიორგი კორსანტია (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (გრან კანარია II), თორნიკე შენგელია (ცსკა, რუსეთი), ბექა ბურჯანაძე (ბეტისი, ესპანეთი).

ცენტრები: გიორგი შერმადინი (ლენოვო ტენერიფე, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე (ორში, საფრანგეთი).

უკრაინის ნაკრები

მცველები: დენის ლუკაშოვი, ილია სიდოროვი, ოლეკსანდრ ლიპოვი (ყველა – პრომეთეი), ვიტალი ზოტოვი, იუსუფ სანონი (ორივე – დნეპრი), ჯერომ რენდლი (ბუდიველნიკი).

ფორვარდები: ბოგდან ბლიზნიუკი (ბუდიველნიკი), ანდრეი ვოინალოვიჩი (კიევ-ბასკეტი), სერგეი პავლოვი (ორივე – დნეპრი), ვიაჩესლავ პეტროვი (პრომეთეი).

ცენტრები: ვოლოდიმირ გერუნი (ბუიუჩეკმეჩე, თურქეთი), დმიტრო სკაპინცევი (კიევ-ბასკეტი), არტიომ პუსტოვოი (გრან კანარია, ესპანეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები