Thumbnail
  • 30 წლის ჟუნიორ მესიასმა ატლეტიკოს კარში გამარჯვების გოლი გაიტანა
  • ბრაზილიელი პროფესიონალურ ფეხბურთში მხოლოდ 4 წლის წინ მოხვდა

ჟუნიორ მესიასის ამბავი ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ნამდვილია...

ფეხბურთელი, რომელმაც მილანს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ატლეტიკოსთან უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა, სულ რაღაც 5 წლის წინ პროფესიონალი ფეხბურთელი არც იყო. არადა, პატარაც არ არის - უკვე 30 წლისაა. თუმცა, მივყვეთ თანმივდევრობით.

მილანმა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა პროდუქტიულად დახურა: გუნდში ბაკაიოკო დაბრუნდა, მონაკოდან იჯარით პელეგრი აიყვანეს, ბორდოდან წამოყვანილი ადლი უკანვე გაანათხოვრეს. მათ გარდა, სპორტული მენეჯმენტი შეტევაში კრეატიულ მოთამაშეს ეძებდა, ერთ-ერთ კანდიდატად, მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიაც განიხილებოდა, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა, რადგან მილანელები ისეთ მოთამაშეს ეძებდნენ, რომელსაც ხელში იაფად ჩაიგდებდნენ.

“როსონერიმ” ატალანტას მიმართა - ალეკსეი მირანჩუკის იჯარით აყვანა უნდოდა, თუმცა მოლაპარაკებები სწრაფად და უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ კი მილანმა ჯიბის შესაფერისი კანდიდატი სერია B-ში იპოვა და კროტონედან ჟუნიორ მესიასი წაიყვანა. ბრაზილიელმა სამედიცინო შემოწმება უპრობლემოდ გაიარა და კლუბთან ხელი კონტრაქტსაც მოაწერა. გარიგება იჯარად გაფორმდა, რომელიც მილანს 2,6 მილიონი ევრო დაუჯდა და თუ ფეხბურთელის გამოსყიდვას გადაწყვეტს, ჯამში 5,4 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. 

გასული სეზონი მესიასმა სერია A-ში გაატარა, კროტონეს მაისურით 9 ბურთი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, მოწინააღმდეგეების მოტყუება 105-ჯერ შეძლო, რაც ჩემპიონატში როდიგო დე პაულის (უდინეზეს მოთამაშე, რომელიც მადრიდის ატლეტიკოში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა) შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი იყო. 

ჟუნიორის საფირმო ნიშანი მისი გამორჩეული ტექნიკაა. თვითონვე ამბობს, რომ დრიბლიორი ქუჩაში თამაშის წყალობით გახდა.

“დრიბლინგი საჩუქრად ბრაზილიის ქუჩებიდან მერგო. ახალგაზრდობაში პროფესიონალურ კლუბებში არასდროს მითამაშია, უბრალოდ, მეგობრებთან ერთად ვერთობოდი. ყველა თავისუფალი იყო, ვისაც რა უნდოდა, იმას ვაკეთებდით. ამასთანავე, გვესმოდა, რომ ფინტები ეფექტურობასთან ერთად, ეფექტიანიც უნდა ყოფილიყო. ფეხბურთის აზრი გამარჯვებაა. ვიხსენებ ზიდანს, მისი თამაშის სტილს და ეს ძალიან მომწონს. ის მშვიდად, აუღელვებლად, ეფექტიანად და ძალიან ლამაზად თამაშობდა. ახლანდელი ფეხბურთი კი ტაქტიკა და ფიზიკაა, ზიზუს მსგავსი ესთეტიკური მოთამაშეები აღარ არიან. არადა, უფრო მეტი სილამაზე ცუდი არ იქნებოდა,”- თქვა მილანის პრეს-სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

10 წლის წინ ჟუნიორი იტალიაში, ტურინში თავის ძმასთან ბრაზილიიდან ჩავიდა, რათა ემუშავა და ოჯახის შენახვაში საკუთარი წვლილი შეეტანა. 30 წლის ბრაზილიელს დედ-მამა და 3 და-ძმა ჰყავს, ახლა ცოლი-შვილიც დაემატა. იტალიაში ჩასვლისას ჟუნიორი ფეხბურთის თამაშს არც აპირებდა, ის გარეუბან Barriera di Milano-ში ცხოვრობდა და სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. ცენტების სანაცვლოდ ასუფთავებდა და ლესავდა კედლებს, რომლებიც შენობების დანგრევის შედეგად რჩებოდა. შემდეგ მშენებლადაც მოეწყო, ამას კი საოჯახო ტექნიკის მაღაზიაში კურიერად და მტვირთავად მუშაობა მოჰყვა.

'რას გვასწავლის ჩემი ისტორია? რწმენა არ უნდა დაკარგო!'

სამსახურში მოწყობაში ჟუნიორს პერუელი მეგობრები ეხმარებოდნენ, რომლებთან ერთადაც სამოყვარულო გუნდი “სპორტ ვარიკი” შექმნა და ქალაქის ჩემპიონატში თამაშობდა. მესიასის წყალობით გუნდი ჩემპიონი გახდა, ბრაზილიელს კი FIGURA (ვარსკვლავი ესპანურ ენაზე) შეარქვეს. 

მესიასი ცხოვრებისთვის საკმარის თანხას ძლივს გამოიმუშავებდა, როცა პროფესიონალმა კლუბებმა შეამჩნიეს. 25 წლის ასაკში ბრაზილიელმა სადებიუტო შეხვედრა სერია D-ში (სამოყვარულო დონე) ჩაატარა, 27 წლის იყო, სერია C-ში რომ ითამაშა, 28 წლისა უკვე სერია B-ში იყო და 29 წლის ასაკში პირველად ითამაშა სერია A-ში. ახლა 30 წლისაა და მილანში მოხვდა. თანაც, უბრალოდ მოხვდა კი არა, ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა და იტალიელებისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი მადრიდის ატლეტიკოს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარე იან ობლაკს გაუტანა. ამით მილანს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეუნარჩუნა.


“რას გვასწავლის ჩემი ისტორია? რწმენა არ უნდა დაკარგო. რა თქმა უნდა, გამართლების გარეშე არაფერი გამოვა. საკუთარ თავს ძლიერ მოთამაშედ არასდროს მივიჩნევდი. პირიქით, დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვები ჩემზე გაცილებით უკეთესები იყვნენ. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. და აქვე, რასაკვირველია, უდიდეს მადლობას ღმერთს ვუხდი, ის ჩემთვის ყველაფერია, როგორც ჰაერი. თავდაჯერების განცდას სწორედ ღმერთი მაძლევს." - ამბობს მესიასი.

კომენტარები

ბოლო ამბები